თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანია პარტია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და საპროტესტო აქციებს აანონსებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
ოპოზიციის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თითოეულს, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის აგვისტოში ისინი თავდებით გაანთავისუფლეს და თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თანამდებობებზე აღადგინა.
„ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს, მათ ოჯახებს. ვპირდები საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის“, — განაცხადა ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ალასანიას თქმით, ის, როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ბოლომდე იბრძოლებს.
”როცა სამხედროებს და მათ ოჯახებს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევა მართული პროკურატურა და სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა — თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი გვექნება.
მე როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ბოლომდე ვიბრძოლებ. ვპირდები უსამართლოდ და უკანონოდ დაპატიმრებულ ღირსეულ ბიჭებს და მათ ოჯახებს, არ დაგტოვებთ ტყვეობაში, არ მიგატოვებთ არც ერთი წამით ამ ბრძოლაში, თქვენი თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმეა. დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის, მაგრამ ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას”, — განაცხადა ალასანიამ.
მისივე განმარტებით, პირველი აქცია შაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება და მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება.