ამბობენ, რომ სოციალური ქსელი საზოგადოების სარკეა. წერს ყველა და თანაც, ყველაფერზე. ვინც ჯერ არ, ან ვერ წერს, ის სხვათა ნაწერებს ეცნობა… სიცილის ოთახისა არ იყოს, ეს სარკეც გამოსახულებას ხშირად ამახინჯებს და ამრუდებს. თუმცა, ზოგჯერ ზუსტად ირეკლავს… მეც გადავწყვიტე და სარკეში კვლავაც ჩავიხედე. გასაკვირი არ არის, რომ ე.წ. „დალაიქება-გაშეარების“ რაოდენობით ყურადღება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასებები და კომენტარები იქცევს… ჩვენ, ჟურნალისტები, მეტწილად ე.წ. „ფეისების“, ანუ ცნობადი სახეების ნააზრევით ვინტერესდებით და საზოგადოების წინაშე სამსჯავროდაც სწორედ „ცნობილების“ ნაფიქრალი გამოგვაქვს. ამჯერადაც, ყოველგვარი ჩემეული ანალიზის გარეშე, შემოგთავაზებთ სოციალურ ქსელში უხვად გაბნეულ მარგალიტებს. რიგითობა პირობითია.
ექსპერტი გია ხუხაშვილი: „ეს კვლევა აჩვენებს, რომ ხელისუფლების მთავარი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ არის, არამედ ელექტორატია, ამომრჩეველი, რომელსაც აღარ მოსწონს ხელისუფლება, იმედგაცრუებულია და მის მიმართ საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი. ამიტომ ჯობია, ამ პრობლემას მიხედონ, ვიდრე მუდმივად „ნაციონალების“ პრიზმაში უყურებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბევრი ასეთ დროს, ძირითადად, „მჯერა —არ მჯერა“-ს ტერმინოლოგიით მსჯელობს, მე არ მინდა ასე გავაგრძელო… შესაბამისად, უფრო სამ ძირითად ტენდენციაზე გაავამახვილებდი ყურადღებას, რაც კანონზომიერია იმ პოლიტიკური პროცესის ლოგიკასთან მიმართებაში, რასაც ვაკვირდებით. პირველი ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად ვერ აყალიბებენ ხელისუფლებას, ანუ ჯამში, ორივე ერთად ვერ პასუხობენ ამომრჩევლის უმრავლესობის გემოვნებას და შიგნით როგორ ნაწილდებიან, ეს ნაკლებად საინტერესოა. მეორე — უმრავლესობა ეძებს მესამე არჩევანს, ამომრჩევლის უმრავლესობის გემოვნებას ვერ პასუხობს პოლიტიკური ელიტიდან ვერავინ, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლებს სურთ არჩევნებზე წასვლა, ისინი ვერ პოულობენ ღირსეულ კანდიდატს და, თუ ასეთი არჩევანი იქნება შეთავაზებული საბოლოო ჯამში, შეიძლება ამან სურათი რადიკალურად შეცვალოს. და მესამე, რაც შემაშფოთებელია და რაც შეიძლება გავიზიაროთ, არის ის, რომ ძალიან მაღალია ნეგატიური არჩევანის მაჩვენებელი. მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ კატეგორიულად მიღებელი მაღალი მაჩვენებელი და „ქართული იცნების“ კატეგორიულად მიუღებლობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, აგრესიული პროტესტის მოლოდინი არის ძალიან მაღალი…“
რეპლიკა — არიან ადამიანები, რომელთაც ვერაფრით გაიაზრეს, რომ სახელმწიფო ქუჩაში არ შენდება და მათთვის მიუღებელი არჩევანის შემთხვევაში, პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვლენ…
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე: „რაც მე თავი მახსოვს, როცა პელე აკეთებს პროგნოზს, თუ ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ვარიანტში სხვა იგებს — ასეთია ტრადიცია. საქართველოშიც ასეა — როცა არჩევნების წინ NDI რაიმე დასკვნებს აკეთებს, როგორც წესი, რადიკალურად განსხვავებულია არჩევნების შედეგები. როცა არ იცი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც, NDI კვლევებს ატარებს, ძნელია ანალიზის გაკეთება. მიღებული პროცენტები ჩემთვის ძალიან არაბუნებრივია. შეიძლება, მე რეალობას ვარ მოწყვეტილი და საზოგადოება ერთს ფიქრობს და მე სულ სხვა შინაგანი განცდები მაქვს, მაგრამ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ასეთი მინიმალური განსხვავება ძალიან არარეალურია…“
რეპლიკა — სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, წინასაარჩევნოდ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი განცდებშიც არ შეცდეს!..
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: „რა თქმა უნდა, მთლიანობაში ნეიტრალური მაყურებლისთვის ყველაფერი ეს მაინცდამაინც სახარბიელო სურათს არ ქმნის თვითონ ქვეყანაზე. ეს არ ნიშნავს სტაბილურობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოთხი წელი ქვეყნისთვის წარმატებული იყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ხალხი უკეთესაც ცხოვრობს, ვიდრე ოთხი წლის წინ… არც მმართველ პარტიას და არც მთავარ ოპოზიციურ ძალას სატრაბახო დიდი არაფერი აქვს… მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ჯერ გარკვეული არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მისთვის დღეს არც ერთი პარტია არ არის მისაღები და არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იმედგაცრუებულია…“
რეპლიკა — რა პერსპექტივა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში, სადაც ნიჰილიზმით შეპყრობილ მოსახელობას უკვე არც ერთი პარტიის არ სჯერა…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და დეპუტატობის კანდიდატი სალომე სამადაშვილი: „NDI-ის კვლევები პირდაპირ მიუთითებს ერთ ფაქტზე — ხალხი ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებს. ამომრჩევლებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ არა აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ეს იმიტომ ხდება, რომ საარჩევნიო კამპანია ახალი დაწყებულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა მაშინ, როცა ამომრჩევლებამდე გზავნილების მიტანა ახალი დაწყებული იყო. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი ამომრჩეველი საკმარისად იქნება ინფორმირებული… თუმცა, აქვე მინდა ვისაუბრო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე — ის ვალდებულია, ოპოზიციურ სპექტრს შესაძლებლობა მისცეს, ჩაატაროს ნორმალური საარჩევნო კამპანია და ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში — ძალადობის და გამოუძიებელი ინციდენტების სახით, რა თქმა უნდა, ასეთი გარემოს შექმნას ხელს უშლის…“
რეპლიკა — საარჩევნო პროცესის მშვიდ და სტაბილურ გარემოში წარმართვაზე პასუხისმგებლობა ვეჭვობ, რომ ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ეკისრება.
„დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე: „NDI-ის კვლევაზე ადეკვატური კომენტარი რომ გააკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია კახელი. ხოლო, რაც შეეხება სხვა შეფასებას, შემიძლია ვთქვა — რომ, როგორც ჩანს, ძალიან გულზე მოხვდათ საქართველოს უბლოკო სტატუსი, რაც არის საქართველოს რეალური გამთლიანების და ეკონომიკური წარმატების რეალური საფუძველი. ერთი რამ ფაქტია: ორი დღის წინ იყო გამოქვეყნებული, რომ ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულია რაოდენობა იმ ადამიანების, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ჩვენი არა კეთილმოსურნეა, იმედი გაუცრუვდება და ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელიც გონივრულად უყურებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობას, გახარებული დარჩება იმ შედეგით, რომელსაც ჩვენ არჩევნებზე მივიღებთ…“
რეპლიკა — ვინ დარჩება იმედგაცრუებული და ვინ შემოჰკრავს ყიჟინას, ორიოდე თვეში შევიტყობთ, როცა საარჩევნო ბიულეტენები დაითვლება და ხალხის ნება გაცხადდება…
ამასთან, ყურადღებას პარტიათა რეიტინგების ამსახველი ციფრების მორიგი „კომბინაციაც“ იქცევს… ათდღიანი კვლევის შედეგები საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციამ „გაერთიანებული საზოგადოება“ გააცნო. კვლევა მხოლოდ თბილისის სხვადასხვა უბნებში ჩატარდა და სულ 4157 მოქალაქე გამოიკითხა. პირველი სამეული ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 22,4 პროცენტი; „პატრიოტთა ალიანსი“ – 19,6 პროცენტი; და „ნაციონალური მოძრაობა“ – 12,4 პროცენტი. სხვა პოლიტიკური პარტიებიდან ბარიერის გადალახვასთან ყველაზე ახლოს „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ არიან… აი, ასე… არჩევნებამდე დრო არის და სარკეც მრავალჯერ აირეკლავს ციფრებს. მას ნაკლები ყურადღება დავუთმოთ და არჩევანზე ვიფიქროთ.