თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. პარლამენტის ექს–სპიკერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობის სიმპათია და მაღალი შეფასება დაიმსახურა, დარწმუნებულია მისი თანამებრძოლი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ცისკარიშვილი.
დავით ბაქრაძე მეორე აღმოჩნდა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ, ვისი მუშაობაც ყველაზე მეტად მოსწონს ქვეყნის მოსახლეობას. ამაზე მეტყველებს NDI–ს მიერ ჩატარებული კვლევა.
„ეს დათოს პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა. ის მუდმივ შეხებაშია ხალხთან, დადის შეხვედრებზე, ისმენს მათ პრობლემებს, ცდილობს გადაწყვიტოს ეს პრობლემები და ხშირად წარმატებითაც. ასე, რომ მისი პიროვნული მონაცემების, მუშაობის და, რა თქმა უნდა, პარტიის ბოლო პერიოდის მოღვაწეობის შედეგია ეს რეიტინგი“, — განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა პრესკონფერენციაზე.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ინტერვიურების გზით გამოიკითხა 3,9 ათასი ადამიანი. ცდომილებამ 1,6% შეადგინა.