მშვიდობის კუნძული და ქართული პოლიტიკის კეთების ბრიტანული საიდუმლო...

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ კავკასიის რეგიონი და საქართველო, შიდაპოლიტიკური პროცესები და საგარეო პოლიტიკური ვექტორი... ბრიტანელი პოლიტოლოგის შეფასებები... რა იკითხება სტრიქონებს შორის.

დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე (იგულისხმება ტერორისტული აქტები ევროპაში), სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში და არეულობა ერევანში, ჩვენში მიმდინარე პროცესებს მედიის ყურადღება მოაკლდა… სავსებით ბუნებრივია, რომ ზოგადსაკაცობრიო და გლობალურ საკითხებს საქართველოს შიდაპოლიტიკური დინებები, მოსალოდნელი რყევები და ცვლილებები თავისი არსით ვერაფრით გაუტოლდება. თუმცა, შესაძლოა, პოლიტიკური „თამაშების“ შედეგი სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის საფუძველი გახდეს. კიდევ ერთი „ცხელი კერა“, წესით, არავის ინტერესებში არ უნდა იყოს… რა ვითარებაა დღეს და რა შეიძლება იყოს მომავალში… შეფასებებისგან თავს შევიკავებ და ევროპული პოლიტიკის ცენტრის წამყვანი ექსპერტის დენის სამმუტის მოსაზრებას შემოგთავაზებთ.  

ერევანი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სომხეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე არ აისახება

დენის სამმუტი: „მე ვიყავი აქ 1992 წელს და მინდა შეგახსენოთ, თუ სად იყავით თქვენ იმ წლებში… საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდა თავისი წარსული და, ვფიქრობ, დღეს ქართველი ხალხი უნდა აფასებდეს იმას, რა ცვლილებებიც განხორციელდა და რა სტაბილურობას მიაღწია ქვეყანამ… დღეს, როცა გარშემო არეულობაა,  საქართველო რეგიონში ისე გამოიყურება, როგორც მშვიდობის კუნძული… ჩვენ ამას ვხედავთ, დასავლეთი ამას კარგად ხედავს, მაგრამ მთავარია, რომ თვითონ ქართველმა ხალხმა დაინახოს და დააფასოს ეს…“

ამავე დროს, უახლოეს ორ-სამ თვეში მოვლენათა განვითარების შინაარსი, ფორმა, დინამიკა ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ანალიტიკოსმა „ამერიკის ნამდვილი მეგობრების“ (GFA) ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

დენის სამმუტი: „ღრმად შესვლას არ ვაპირებ, თუმცა ერთს ვიტყოდი: საქართველოს მოსახლეობამ მმართველი პოლიტიკოსების სიბრძნე უნდა დააფასოს, ვიდრე სიმამაცე. თქვენს ქვეყანას ჰყავდა ლიდერები, რომლებსაც ჰქონდათ სიმამაცე და გამოდიოდნენ, როგორც გულადი პოლიტიკოსები, მაგრამ აკლდათ სიბრძნე. თუ გადავხედავთ ოთხმოცდაათიან წლებს, მაშინდელ პოლიტიკოსებს რომ მეტი სიბრძნე ჰქონოდათ, შესაძლოა, ის არასასურველი პროცესები სხვაგვარად განვითარებულიყო. პოლიტიკაში ისე ხდება, რომ გარკვეული ძალები აწყობენ პროვოკაციებს. პოლიტიკოსის სიბრძნე კი იმაშია, რომ მოახდინოს ამ პროვოკაციების იდენტიფიცირება, არ აყვეს მას და შესაბამისად იმოქმედოს.

გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველომ არ იცის, რაზე ელაპარაკოს რუსეთს

მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი დღეს გაცილებით ბრძენია, ვიდრე ოცი ან ათი წლის წინ იყო. მე ამას ვგრძნობ და ვხედავ…“

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სიტყვათა წყობამ — „მმართველი პოლიტიკოსების სიბრძნე უნდა დააფასოს…“ საკამათო არ არის, რომ პოლიტიკური კულტურის მქონე და თანაც გონიერმა ამომრჩეველმა ემოციასა და რაციოს შორის არჩევანი პირველის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს. დროებით დავივიწყოთ ჩვენში პოლიტიკური კულტურისა და გონიერების ხარისხი და დავინტერესდეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პატივცემულმა ექსპერტმა ვინ მოიაზრა „მმართველ პოლიტიკოსებში“ და რა იგულისხმა „დაფასებაში“…  დავუფიქრდეთ! დენის სამმუტის ეს სიტყვები ამგვარადაც ხომ არ იკითხება — საქართველოს მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუჭიროს მხარი… არ ავჩქარდეთ, დრო საკმარისზე მეტია და ქვეყნის ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მიერ ცალსახად გამოხატული მხარდაჭერის ანალიტიკოსისეული შეფასება, შესაძლოა, „ამოცანის ამოხსნაში“ დაგვეხმაროს.

დენის სამმუტი: „საქართველოში არის წარმოდგენა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები “ნაციონალური მოძრაობის” დაწერილ ტექსტებს კითხულობენ. მიზეზი ამის არის შემდეგი: ევროპაში პოლიტიკური პარტიები ჯგუფდებიან იდეოლოგიური პლატფორმების მიხედვით და იქ ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერა და პოლიტიკური სოლიდარობა მიმდინარეობს. ეს არჩევნებზეც ხშირად ხდება-პარტიები ჩადიან სხვა ქვეყნებში და ღიად უჭერენ მხარს თავის მოკავშირე პარტიებს. ეს ჩვეულებრივი პროცესია ევროპაში. ზოგჯერ ამგვარ აქტივობებს გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ევროპის სახალხო  პარტიის მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები, ეს არის ის თამაშის წესი, რომელიც ევროპაში უკვე ათეული წლებია მიღებული. ევროპის სახალხო პარტიასაც ჰყავს ბევრი ოპონენტი, როგორც პარტიის გარეთ, ასევე პარტიის შიგნით, და ეს ნორმალურია. მე ქართველებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ქართული პოლიტიკა უნდა შეიქმნას საქართველოში და არა ლონდონში, ბრიუსელში, ან მოსკოვში…“

სტრიქონებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იკითხება. პირველი — ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში გადაჭარბებულად ფასდება… მეორე — ქართული პოლიტიკის ავტორები თავად უნდა ვიყოთ.

სერგეი ლავროვი და ანდერს ფოგ რასმუსენი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ნატო და რუსეთი პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე არ წავლენ

ბრიტანელ პოლიტოლოგს არც საქართველოს საგარეო პოლიტიკა დავიწყებია. ბრძანა, რომ არსებობს ცალსახა კონსენსუსი. ქვეყანას არჩეული აქვს ევროკავშირის გეზი, ხოლო უმრავლესობამ NATO-ს გზა აიჩია…

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსმა მიანიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი პრაქტიკულად განსაზღვრულია. უფრო მეტიც, დასძინა, რომ ამ საკითხზე „ცალსახა კონსენსუსია“… ამგვარი შეფასება, ვფიქრობ, საკამათოა… თავად განსაჯეთ: მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უკვე არასრული სამი თვეა დარჩენილი და ფაქტია, რომ წლის მთავარ პოლიტიკურ ბატალიებში მრავალი პრორუსულ ძალებად მიჩნეული პარტია და მოძრაობა მონაწილეობს და, როგორც ამბობენ, მათ ხუთპროცენტიანი ბარიერის დაძლევის ურიგო შანსი როდი აქვთ… საფუძველიც არის, რადგან ბოლო დროს ზოგადად პოლიტიკური პროცესისადმი საზოგადოებაში არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულების ფონზე,  აშკარად გამოიკვეთა დასავლეთის ე.წ. ფრთხილი პოლიტიკით გამოწვეული იმედგაცრუება. დასამალი არ არის, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჯანჯლებით, ვერც ჩრდილო-ატლანტიკური ალაიანსის ვარშავის სამიტმა მოიტანა დიდი ხნის ნანატრი შედეგი და ა.შ… 

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის სიტყვები გამახსენდა, თქმული გასული წლის სექტემბერში BBC-ის გადაცემა „HARDTALK“-ში — „თუ NATO-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს…“ რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი, დრო გვიჩვენებს… 

საზოგადოების დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების აცილება და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებაა. შესაბამისად, ხალხი მომავალ ხელისუფლებას უპირველეს ამოცანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაუსახავს. ერთი სიტყვით, საგარეო პოლიტიკის საკითხი მომავალ არჩევნებში კვლავაც აქტუალური იქნება…

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ნატო საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე: „სახელმწიფოს უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავების საკითხზე საარჩევნო სუბიექტების პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ამ უმწვავესი და უაღრესად პრობლემური საკითხის მოგვარების მათეული ხედვა, შესაძლოა,  არჩევანის განსაზღვრისას გადამწყვეტი ღმოჩნდეს… ორი აზრი არ არსებობს, რომ პოლიტიკური პარტიების საგარეო კურსისადმი დამოკიდებულების საკითხს არჩევნებზე გავლენა ექნება. სახელისუფლებო გუნდი მაქსიმალურად ეცდება დასავლეთთან ურთიერთობაში მიღწეული შედეგები უაღრესად პოზიტიურ კონტექსტში და მნიშვნელოვან წარმატებად წარმოაჩინოს… სხვა პროდასავლური პარტიები კი მმართველ გუნდს დასავლეთთან ურთიერთობისას პასიურობაში დაადანაშაულებენ, ხოლო ე.წ პრორუსული ძალები შეეცდებიან, ცალსახად გამოკვეთილი დასავლური კურსის უპერსპექტივობა დაასაბუთონ… “   

დასასრულს, ორიოდე სიტყვას კვლავაც მოგახსენებთ და ჩემეულ ხედვას შემოგთავაზებთ.. ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო პროცესში საგარეო კურსის არაორაზროვნად დაფიქსირებას ერიდებიან… საგარეო კურსის კორექტირება საეჭვოა… თუმცა, ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ განაწილდება ხმები ჯამურად იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელთაც მოსახლეობა პროდასავლურ და პრორუსულ ძალებად აღიქვამს. მართალია, საზოგადოება არჩევანს მხოლოდ საგარეო ორიენტაციის მიხედვით არ აკეთებს, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის ეს გარკვეული ტესტის ფუნქციას აშკარად შეასრულებს… 


ყველა ახალი ამბავი
0