თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გერმანიაში ვიზიტისას კანცლერისთვის თავის მოწონება გადაწყვიტა, როცა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ მტრული რიტორიკის წინააღმდეგია, მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
ბერლინში გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელთან ერთობლივ პრეს–კონფერენციზე განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში ახალმა მთავრობამ რუსეთის მიმართ პოლიტიკა შეცვალა, თუმცა არა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში კომპრომისების ხარჯზე.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რუსეთთან მტრული რიტორიკა ავიცილოთ, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები გავხდით, მაგრამ აქ არ არის არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ექსპერტის აზრით, გიორგი კვირიკაშვილი ამით ცდილობდა, იმ ტალღაზე აღმოჩენილიყო, რომელიც გერმანიისთვის არის დამახასიათებელი.
„ეს რევერანსები, რა თქმა უნდა, კარგ ფონს ქმნის ქართულ–რუსული მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მე მეჩვენება, რომ ქართულმა მხარემ არ იცის, რაზე ელაპარაკოს რუსეთს და რა მიზნები დაისახოს. ჩვენ რეალური პოლიტიკა გვჭირდება და არა მხოლოდ რევერანსები“, – აღნიშნა ექსპერტმა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.