თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში ახალმა მთავრობამ რუსეთთან მიმართებით პოლიტიკა შეცვალა, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში კომპრომისების ხარჯზე, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბერლინში კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რუსეთთან მტრული რიტორიკა ავიცილოთ, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები გავხდით, მაგრამ აქ არ არის არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველო ცდილობს, ხალხებს შორის ურთიერთობები აღადგინოს. ქვეყნებს შორის არის სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანება ამა თუ იმ ბლოკში რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამასთან, საქართველო ცდილობს, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ნდობა აღადგინოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება, პირველ რიგში და ერის გამთლიანება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა, და ამ მიმართულებით მიზანმიმართულ პოლიტიკას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც გერმანია ეუთოს ხელმძღვანელობს, სერიოზული პროგრესის იქნება მიღწეული.
„მიგვაჩნია, რომ გერმანიის აქტიური როლი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე გვაქვს გამოკვეთილი პროგრესი, როდესაც შევძელით გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და გადაწყვეტის მექანიზმის კვლავ ამუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – დასძინა მან.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.