თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა ვერ გახდება, მიიჩნევს პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერი, ქვეყნის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
„საქართველო ვერც ნატოს წევრი გახდება, ვერც უახლოეს პერიოდში ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს, მით უმეტეს, ვერც ევროკავშირში გაწევრიანდება“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობები.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ, რომ რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირება პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდეზე“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში აამოქმედებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. მედიის ინფორმაციით, პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის განცხადების საფუძველზე გაჭიანურდა. თუმცა გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთვის ვიზების გაუქმების წნააღმდეგი არ არის.