თბილისი, 22 ივლისი — Spurnik. დღეს ჟურნალისტებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდნენ. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ნაკრების სამზადისის, ოლიმპიადაზე გამგზავრებისა და სხვა დეტალების თაობაზე.
ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გამოიტანა დადგენილება ქართველ სპორტსმენტთა ხელშეწყობის შესახებ, რომლის თანახმად, 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით წარმატებული სპორტსმენები სოლიდურ პრემიალურ თანხებს (ჯამში 3,8 მლნ ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღებენ. ოლიმპიურ თამაშებზე კი სახელმწიფო პრემია შემდეგნაირად განისაზღვრა: I ადგილი — 170 ათასი ლარი, მე-2 ადგილი — 102 ათასი, მე-3 ადგილი — 68 ათასი ლარი.
რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 13 სახეობაში საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია, 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი და 19 ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს 12 სპორტსმენს.
მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე — მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე — ძალოსანი რაულ ცირეკიძე, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა.
ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი.
მოახლოებული ოლიმპიადის ყველაზე ცხარე თემა რუსი მძლეოსნების თამაშებიდან მოკვეთაა. სპორტულმა არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და 68 რუსი სპორტსმენის სარჩელი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) წინააღმდეგ.
ასე რომ, რუსი მძლეოსნები რიოს ოლიმპიურ თამაშებზე არ იასპარეზებენ, გამონაკლისი მხოლოდ სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა იქნება.
დოპინგ-ტესტების გაყალბებისა და აკრაძალული პრეპარატების გამოყენების გამო რუსი მძლეოსნების დასჯის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2015 წლის 13 ნოემბერს მიიღეს. რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლებოდა. მაგრამ 17 ივნისს IAAF-მა დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა, ხოლო 21 ივნისს მას მხარი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც დაუჭირა. ახლა კი არც სპორტულმა არბიტრაჟმა დაიჭირა რუსეთის მხარე.
საარბიტრაჟო სპორტული სასამართლოს გენერალურმა მდივანმა მატიე რიბმა განაცხადა, რომ სასამართლოს არ შეუძლია რეკომენდაცია მისცეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სპორტის სხვა სახეობებში რუსი სპორტსმენების თაობაზე. მანვე დაამატა, რომ რუსეთს აპელაციის უფლება აქვს, მაგრამ დავას ექვემდებარება მხოლოდ პროცედურული საკითხები.
მეორე მხრივ, მთელი მსოფლიო ელოდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება რუსეთის მთელი ოლიმპიური გუნდის მოკვეთის საკითხს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებიდან. თუ ასე მოხდა, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა და, სავარაუდოდ, ამას საკმაოდ რთული გაგრძელება მოჰყვება უკვე არა მხოლოდ სპორტის სფეროში.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კვირას გამართავს აღმასკომის სხდომას და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის ნაკრების მონაწილეობის საკითხზე.