თბილისი, 21 июл — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში რუსი მძლეოსნების მონაწილეობაზე აკრძალვას სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს, თვლის გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) არ მიიღო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და 68 რუსი მძლეოსნის სარჩელი მძლეოსანთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) წინააღმდეგ. ამგვარად რუსმა მძლეოსნებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება ვერ მიიღეს.
„რუსი მძლეოსნების რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის აკრძალვა კარგს არ მოიტანს, იმიტომ რომ სპორტი ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა იდგა და საერთოდ ოლიმპიადების დროს ზავი ცხადდებოდა. ახლანდელ სიტუაციას სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს“,- უთხრა Sputnik-ს ნანა დევდარიანმა.
გარდა ამისა, დევდარიანის აზრით, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციების ასოცოაციის გადაწყვეტილებაში, რომელიც საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA)დასკვნას ეფუძნება, პოლიტიკური ელფერი შეინიშნება.
„ეს წმინდა წყლის პოლიტიკაა, იმიტომ რომ წლების მანძილზე არაფერი არ ხდებოდა და ყველამ ეხლა გაიღვიძა. თანაც ძალიან უცნაურია, რომ რუსეთის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი შეღავათიანი პირობებით აშშ-ში გადავიდა და თითქოსდა მან თვითონ გადასცა ეს ინფორმაცია. და გამოდის, რომ ის თვითონ ამ საქმის მთავარი ფიგურანტია“,- თვლის ექსპერტი.
საერთაშორისო საზოგადოება ასეთი შეზღუდვებით ცდილობს რუსი სპორტსმენები რუსეთის ხელისუფლების, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განაწყოს, ხაზი გაუსვა გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა გადადოს რიოს ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების დაშვება-არდაშვების საკითხი, რათა შეისწავლოს ყველა სამართლებრივი შედეგი, დაკავშირებული შეჯიბრებებში ინდივიდუალური სპორტსმენების მონაწილეობის უფლების დარღვევასთან.