თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ანტიდოპინგური მსოფლიო სააგენტო (WADA) გამოდის მოწოდებით – რუს სპორტსმენებს ჩამოერთვათ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, ვიდრე რუსეთში ანტიდოპინგურ „კულტურაში“ ცვლილებები არ მოხდება, განაცხადა „ტვიტერის“ მიკრობლოგში ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბენ ნიკოლსმა.
ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა მაისში გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგორი როდჩენკოვის გამონათქვამები იყო, სადაც ის ამტკიცებდა, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის მინიმუმ 15 სპორტსმენი, რომლებმაც მედლები აიღეს, რუსეთის „დოპინგის პროგრამის“ ნაწილი იყო, რაც მათ დომინირებას გულისხმობდა საშინაო ოლიმპიადაზე. მოგვიანებით WADA-მ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს. ე.წ. მაკლარენის კომისიის გამოძიების შედეგები ორშაბათს ტორონტოში გამოქვეყნდა.
„WADA მოუწოდებს სპორტულ საზოგადოებას, აუკრძალონ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის, რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობა, ვიდრე (ანტიდოპინგური) „კულტურა“ არ შეიცვლება. რუსეთში დოპინგის შესახებ მაკლარენის გამოძიება აჩვენებს ძალაუფლების ყველაზე საგანგაშო გამოყენებას, რომელსაც ოდესმე სპორტში ადგილი ჰქონია. რუსეთში სპორტის 30 სახეობაში დოპინგ-სქემები მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ არანაირი უდანაშაულობის პრეზუმფცია აღარ შეიძლება არსებობდეს“, — დაწერა ნიკოლსმა.
მაკლარენის ანგარიშის თანახმად, რუსეთში სპორტში დოპინგის გამოყენების სისტემა არსებობდა მოსკოვში 2013 წელს მძლეოსნობაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, აგრეთვე ყაზანში საწყლოსნო სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატის და უნივერსიადის დროს. WADA-ს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხული ყველა მოწმე იმსახურებს ნდობას და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარია.