პირველი ოლიმპიური ჯილდოების მოლოდინი

© GutsuFanსალომე ფაჟავა
სალომე ფაჟავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტანვარჯიში სპორტის ის სახეობაა, სადაც ქართველებს სატრაბახო გვაქვს!

ჯერ კიდევ 1952 წელს მოიგო მედეა ჯუღელმა ოქროსა და ვერცხლის მედლები, არც მის შემდგომ თაობებს შეურცხვენიათ თავი და 1988 წელს ლადო გოგოლაძე რომ დაგვიბრუნდა სეულის ოლიმპიური თამაშებიდან მორიგი ოქროს მედლით, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ვიდრე დღემდე სპორტის ამ სახეობაში მედალი სანატრელი გაგვიხდებოდა. თუმცა მედალს ვინ ჩივის, მონაწილეც აღარ გვყოლია.

სპორტულში ვერ, მაგრამ მხატვრულ ტანვარჯიშში კი რიო-დე-ჟანეიროში წარმომადგენელი გვეყოლება. სალომე ფაჟავა, გოგონა რომელმაც ამ სახეობის სპეციალისტები გასულ წელს აალაპარაკა, როდესაც მრავალჭიდში მხოლოდ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს ჩამორჩა და რიოს საგზური მოიპოვა. მას შემდეგ ყველა შეჯიბრზე მოწინავეთა შორის ტრიალებს. 

ასე იყო ამ ერთი თვის წინ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან–პრის ეტაპზეც, სადაც ფაჟავამ მრავალჭიდში 72.850 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა, გურზებით შეჯიბრებაში კი 19.000 ქულით ოქროს მედალი დაისაკუთრა.

© Григорий Сысоевსალომე ფაჟავა
სალომე ფაჟავა - Sputnik საქართველო
სალომე ფაჟავა

სალომეს რგოლით ვარჯიშში ნაჩვენებმა 18.500-მა ქულამ ვერცხლის მედალი მოუტანა. ბელარუსმა სტანიუტამ ჩვენებურს მხოლოდ 0.5 ქულით აჯობა. 18.450 ქულით მესამე იყო დინა ავერინა. ფაჟავამ მეორე ვერცხლი 18.700 ქულით ლენტით ვარჯიშში მოიგო და ჯამში ბუქარესტში სამი მედალი მოიპოვა – ოქრო და ორი ვერცხლი. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ რუმინეთში თითქმის ყველა გრანდმა იასპარეზა; საუბარი მაქვს რუს, ბელორუს და ბულგარელ სპორტსმენებზე, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში მოდის კანონმდებლებად გვევლინებიან. სალომეს მწვრთნელები და ახლო წარსულში თავად კარგი სპორტსმენები ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე იმედიანად არიან განწყობილი და შეგირდისგან ბრაზილიაში რომელიმე ხარისხის მედლით დაბრუნებას გეგმავენ; განსაკუთრებით გურზებით ვარჯიშში „რაჭულის“ მელოდიაზე შექმნილი კომპოზიციის ეიმედებათ, თუმცა არც მრავალჭიდში წარმატებას გამორიცხავენ. სალომე ერთი მიღწევის ავტორი უკვე არის – ის არის პირველი ქართველი, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიადაზე იასპარეზებს და თუ კვარცხლბეკის რომელიმე საფეხურსაც შესწვდება, ორმაგად სასიხარულო იქნება.

© FB/ LUBA.GOLOVINA.3ლუბა გოლოვინა შეჯიბრზე გამოსვლის დროს
ლუბა გოლოვინა შეჯიბრზე გამოსვლის დროს - Sputnik საქართველო
ლუბა გოლოვინა შეჯიბრზე გამოსვლის დროს

ტრადიცია და წარმატებები არც ქართული აკრობატიკის სკოლას აკლია. მარტო რუსუდან ხოფერიასა და ანა დოღონაძის სახელების ხსენება კმარა. მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ამ ჩემპიონების საქმის გამგრძელებლად ყველას ლუბა გოლოვინასი ეიმედებოდა, მისგან მედლებს ჯერ კიდევ პეკინის ოლიმპიადაზე ელოდნენ. ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონს ჩინეთის დედაქალაშიც ოქროს ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებდნენ, მაგრამ საბედისწერო შეცდომამ საპრიზო სამეულს ჩამოაცილა და მეექვსე ადგილამდე დააქვეითა, ასევე არ გაუმართლა ლონდონში. მას შემდეგ განვლილ პერიოდში ტრავმები ბოლომდე მოიშუშა და, როგორც ამ სახეობის სპეციალისტები ამბობენ, ოლიმპიადისთვის კარგად მოემზადა, რისი დასტურიც ორიოდე კვირის წინ პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში დასრულებული მსოფლიოს თასის გათამაშებაც არის, სადაც 53.820 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენი ბატუტზე მხტომელი მხოლოდ ორ ბელორუსს ანა გორჩენოკს და ტატიანა პეტრენიას ჩამორჩა. ოლიმპიადაზე გოლოვინას მთავარი მეტოქეები სწორედ ეს გოგონები იქნებიან. რიოს საგზური კი დანიის ქალაქ ოდენსეში გამართულ ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში შესვლით, ანუ საუკეთესო 8 სპორტსმენში მოხვედრით მოიპოვა. წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება შეიძლება იქცეს სწორედ იმ ფაქტორად, რომელიც ლუბას სანუკვარი ჯილდოს მოპოვებაში დაეხმარება.

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0