სკანდალი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ

© Constitutional Court of Georgiaსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე მოსამართლეთა შანტაჟის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა. ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ხელმძღვანელი ჰყავს. ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლო მისი გადაწყვეტილებების გამო მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხელისუფლებას პრეტენზიით მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდა. ასევე, სასამართლომ გააუქმა შესწორებები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკზე მეთვალყურეობის დაწესებას გულისხმობდა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათზე თვალთვალში, მათ დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებული იქნებიან სხვადასხვა საბაბით, აგრეთვე პირადი ხასიათის ინფორმაციით შანტაჟში – რომ თუნდაც ფალსიფიცირებული, მაგრამ ამგვარი ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს“, — განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, აღნიშნა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კონკრეტული საქმეების დასახელებაზე უარი განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა.

„2016 წლის 21 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად", — აღნიშნულია პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მოვლენებში გასარკვევად, ტელეფონით დაუკავშირდა პაპუაშვილს. ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

 „გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას, მასზე ზემოქმედებას. პრეზიდენტმა შესთავაზა დახმარება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მოიკითხა, არის თუ არა მყისიერი ჩარევის საჭიროება ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.

პაპუაშვილს ასევე ესაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან საქმეში გარკვევა პროკურატურას დაავალა.

ამ განცხადებიდან ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით დავუკავშირდი გიორგი პაპუაშვილს, ასევე ვესაუბრე მთავარ პროკურორს და შევთავაზე გიორგი პაპუაშვილს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარუდგინოს პროკურატურას მის ხელთ არსებული ინფორმაცია“, — განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტო დაადო

შეშფოთება პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქვა აგრეთვე აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

„განცხადება არ მინახავს, მაგრამ ბრალდებები ძალზე სერიოზულია. ჩვენ რეალურ ინვესტიციებს ვდებთ ქართულ დემოკრატიაში და ამის მნიშვნელოვანი საფუძველია სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური კონტროლისა და დაშინებისგან. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას ასევე სჯერა ამის“, — განაცხადა კელიმ.

ყოფილ მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეს უკავშირდება.

„საკონსტიტუციო სასამართლო — ბოლო ბარიერია, რომ ივანიშვილმა „რუსთავი 2“ ჩაიგდოს ხელში. ნამდვილად, თითოეულ მოსამართლეზე ისტორიული პასუხისმგებლობაა დაკისრებული. და ქვეყნისთვის დამღუპველია, რომ სასამართლო სისტემა მთლიანად მორღვეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს ცუდად მოქმედებს როგორც საარჩევნო გარემოზე, ისე ქვეყნის რეპუტაციაზე“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0