თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელებისთვის გადაცემის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ გამოაცხადა.
მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" მიაკუთვნა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელები არ ეთანხმებიან. ისინი აღნიშნული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.
ამასთან, არაერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც ადრე ტელეკომპანიას არაობიექტურობაში სდებდნენ ბრალს, ამჯერად მის დასაცავად გამოვიდა.
ამ დროისათვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), „ტელეკომპანია საქართველო“ (51%) და ნინო ნიჟარაძე (9%).