თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთ წევრთან შორენა ყაველაშვილთან დაკავშირებით დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლითაც მტკიცდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია უფლებამოსილი არ არის, განიხილოს სამოქალაქო დავა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან „რუსთავი 2“-ის წერილის პასუხად დღეს მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი, ყაველაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის სამოქალაქო დავას იხილავს.
„ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევაა და მათ მიერ მიღებული გადაწვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ აღნიშნა, რომ მათ იუსტიციის საბჭოს შორენა ყაველაშვილის შესახებ დოკუმენტაციის მოთხოვნით 1 ივნისს მიმართეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის არის შორენა ყაველაშვილის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ჩააბარა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი შორენა ყაველაშვილის სასამართლო პროცესიდან აცილების მოთხოვნას აყენებენ.
„ის გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ გამოცხადდება, იქნება ზონდერ-მოსამართლეების მიერ გამოტანილი“, – თქვა გვარამიამ.
როგორც ცნობილი გახდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. პროცესი 10 ივნისს, დილის 10:00 საათზეა ჩანიშნული.