ივანიშვილი: არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს და საფასური ჩემგან მოითხოვონ

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2”-ს სიცრუის მანქანას უწოდებს და წერილობითი ახსნა-განმარტების გამოქვეყნებით ემუქრება.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე „რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესის დასრულების შემთხვევაში ის ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს ფინანსურ გარანტად დაუდგება, რათა ისინი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიასა და ტელევიზიის მენეჯმენტს არ შეეხონ.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
"რუსთავი 2"- ის სასამართლო პროცესი ტელეკომპანიის ადვოკატების გარეშე ჩატარდა

„ჩემი პირადი დამოკიდებულებაა: იქნებ ისე მოხდეს, რომ სასამართლო არ მოესწროს და ამის ალბათობა დიდია, როგორ ვიცი. ჯერ სააპელაციო სასამართლო არ დასრულებულა, მერე კიდევ უზენაესი სასამართლოა. თუ მოესწრება, თქვენი შფოთვიდან ვხედავ, რომ იქ ცუდად მიდის საქმე, თორემ ისე მე არ ვიცი, როგორ გადაწყდება ეს სასამართლოში, ვიტყოდი 50/50-ზეა საით გადაწყდება და როგორ. ჯერ ერთი, იქნებ დროში არ მოესწროს, ჩემი პოზიციაც ესაა და სურვილიც. მეორე — თუ მოესწრება, იქნებ თქვენი შფოთვა ცრუა და არ გადაწყდეს ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ და ტყუილად აგინოთ მოსამართლეებს. ვისარგებლებ დღევანდელი ეთერით, მე პირადად გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნებოდა თუ დვალი, თუ ორივე ერთად და ვთხოვდი, ფინანსურად თუ რაიმე ზარალს ნახავენ, პირადად ავუნაზღაურებდი. თუ მოხდა, რომ სასამართლო უფრო ადრე და მათ სასარგებლოდ დასრულდა, არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ, რაც უნდათ. ოღონდ ეს სალაპარაკოდ არ დაგიტოვონ თქვენ”, — განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

ექს-პრემიერის განმარტებით, ”რუსთავი 2”, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მანქანა, დღეს ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“ არაობიექტურ ტელევიზიად შეაფასა

„თქვენ ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას ეწეოდით და პირადად ჩემი და „ქართული ოცნების” ანტიაგიტაციას აკეთებდით. ამან რაღაც ეტაპზე გარკვეული შედეგები მიიღო. ახლა როცა გახურდება და ოფიციალურად დაიწყება საარჩევნო პროცესი 8 ივნისიდან… ყველაფერი ეს დაბალანსდება და განულდება. არავითარი შედეგი, პირიქით, ანტიშედეგი გექნებათ. „რუსთავი 2”-ის სიცრუით ივლიან ყველგან, ერთ-ერთი მე ვიქნები და უამრავ მაგალითას გაჩვენებთ”, — აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა დაამატა, რომ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიცრუის შემცველ სიუჟეტებთან დაკავშირებით წერილობით ახსნა-განმარტებას გამოაქვეყნებს.

ბიძინა ივანიშვილი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის მთავრობას ჩაუდგა სათავეში, თუმცა ერთი წლის შემდეგ დატოვა პოსტი და განაცხადა, რომ თავისი ამოცანა შეასრულა. პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად ოპოზიცია მას ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებს.

ყველა ახალი ამბავი
0