თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვისას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას ნიძლავის დადება შესთავაზა. გუშინ, გვარამიამ განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა. მოსამართლემ სწორედ ამ განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსთვის წარდგენა მოთხოვა გვარამიას და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ დოკუმენტს დაემთხვევა, ის მოსამართლის მანტიას და თანამდებობას დატოვებს.
აღნიშნულმა განცხადებამ სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია.
„გუშინ სახლში ძალიან გვიან მივედი და დღეს დილით, ისევ სასამართლო პროცესზე ვარ. მე ფიზიკურად ვერ ვახერხებ აქტიურობას, როგორც ამას ჩვეულებრივად ვაკეთებ-ხოლმე. მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ რაღაც უცნაური წინადადებით მომმართა მანტიის გახდასთან დაკავშირებით და მე გადავწყვიტე პასუხი გამეცა. როცა პასუხის გაცემა დავიწყე, მოსამართლემ (ნატა ნაზღაიძემ) დარბაზიდან გამომაძევა. მან საშუალება არ მომცა პასუხის გაცემის“, — განაცხადა გვარამიამ.
გვარამიასთვის უცნობია კონკრეტული პროცესიდან გააძევეს თუ ზოგადად, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომებზე დასწრება აუკრძალეს.
სასამართლო სხდომა ტელეკომპანიის მხარდამჭერთა აქციის ფონზე მიმდინარეობს. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოსთან არიან შეკრებილი.
ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს პროცესებში აქტიური ჩართვის წინადადებით მიმართა.
გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე.
„რუსთავი-2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვამ, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან გრძელდება, ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეარხის ხელმძღვანელობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური შეკვეთა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფა უწოდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის ნოემბერში „რუსთავი 2“-ის წილის 60% ხალვაშს გადასცა, ხოლო 40% — მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“. გარდა ამისა, სასამართლომ კომპანიის დროებითი მმართველებიც დანიშნა.
მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დროებითი მმართველების შესახებ გააუქმა და „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ფინანსური დირექტორის კახა დამენიას უფლებამოსილება აღადგინა.
ამჟამად, ტელეკომპანია თბილისის სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.