თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და მოუწოდებს, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება, მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად. როგორც პაპუაშვილი წერს, ამგვარმა ქმედებებმა განსაკუთრებით ორგანიზებული, კოორდინირებული და პერმანენტული ხასიათი მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში.
“სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განხორციელებული კანონდარღვევების ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აშკარა გულგრილობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან აღნიშნული საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის განცდას, რომ საქართველოს სახელმწიფო არღვევს მასზე დაკისრებულ მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის კანონისმიერ ვალდებულებას. ყოველივე ეს ართულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ და უსაფრთხო პირობებში საქმიანობას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სრულყოფილ განხორციელებას”. – აღნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წერილს საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პასუხი მოჰყვა, რომელშიც უსუფაშვილი სთავაზობს მოსამართლეებთან შეხვედრის ორგანიზებას, არსებული პრობლემების განსახილველად.
„საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, გთავაზობთ დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებთან ერთად განვიხილოთ როგორც პრობლემები, ასევე მათი გადაწყვეტის გზები“, — ნათქვამია უსუფაშვილის საპასუხო წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი და ობიექტური კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.