თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე ორთვენახევრით ადრე ქვეყანაში წინასაარჩევნო მდგომარეობა შეაფასა და საფრთხეებზე ისაუბრა.
რაზე შიშობს პრეზიდენტი
არჩევნების იგნორირებამ ხელისუფლებაში, შესაძლოა, „ბნელი ძალები“ მოიყვანოს, მიიჩნევს მარგველაშვილი. თავისი სიტყვების დასტურად მან უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამი მოიყვანა: „ცუდ მთავრობას ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან“.
„დღეს ამ რეალობაში ვართ. თუ ჩვენ განაწყენებული ვართ პოლიტიკოსებზე, არ მოგვწონს, ამ თვალსაზრისით თუ არ წავალთ არჩევნებზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე ბნელ და მიუღებელ ძალას ვაძლევთ ხმას. თუ გადაწყვეტთ, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე, აიღეთ ბიულეტენი, შეხედეთ შიგნით ვინც ყველაზე მეტად არ მოგეწონებათ, ჩათვალეთ, რომ იმათ აძლევთ ხმას იმით, თუ არ წახვალთ არჩევნებზე," — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
კონკრეტულად რომელ პარტიებს მიიჩნევს პრეზიდენტი „ბნელ“ და მიუღებელ ძალად, მას არ დაუზუსტებია.
მარგველაშვილმა ასევე შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი წინამორბედი ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორია და ამავე დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაოფიციალური ლიდერი.
„ჩვენ ვხედავთ მრავალ პრობლემას. ძალიან აქტიურად ვრცელდება საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნების საკითხი. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძებნილია, საუბრობს დაბრუნებაზე. ის აპრიორი ძაბავს ვითარებას და ცდილობს ტემპერატურა ასწიოს," — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მდგომარეობა დაძაბული იქნება და შეიძლება, სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის მსგავსი ვითარების პროვოცირება მოხდეს.
ადგილობრივი არჩევნების დროს სოფელ კორცხელში ენმ-ისა და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის ჩხუბი მოხდა. პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლა. სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
ამ ინციდენტის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეში შეიტანეს შესწორებები, რომელიც საარჩევნო უბნებზე ჩხუბისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„თუ კორცხელის ინციდენტი არ გამოვიძიეთ, ჩვენ, არჩევნებზე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მრავალი მსგავსის მომსწრე ვიქნებით. მათ შორის განცხადებებიც, რომლებიც ძაბავენ სიტუაციას… არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყვიტოს. არჩევნებმა სტაბილურობის საკითხი უნდა გადაჭრას. მაგრამ არ მოხდება არც კორცხელის და არც სხვა ინციდენტი, თუ საარჩევნო უბნებზე რიგები იდგება“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის პროგნოზი
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მრავალფეროვნებას მიესალმება, მათ შორის პრორუსული ძალების გამოჩენას.
„პლურალიზმისთვის სასარგებლოა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არ დაიკარგოს არცერთი მანდატი. თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს კურსი უნდა იყოს სხვანაირი, ისინი უნდა არსებობდნენ პარლამენტში. ეს არის დემოკრატია… რომ ჰყავდეთ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა, ეს სრულიად დასაშვებია," — აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ პრორუსულ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არა აქვთ.
„არანაირი შანსი არ არსებობს. მაგრამ, რომ ჰყავდეთ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა, ეს სრულიად დასაშვებია. მე ამის წინააღმდეგ არასდროს წავალ. თუ ეს საქართველოს მოქალაქეებს სურთ, ვინ მომცა უფლება, ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდე და ვთქვა: იცით, მე უფრო პროგრესული კურსი მომწონს“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
ვის მისცემს ხმას მარგველაშვილი, ჯერჯერობით უცნობია.
„როდესაც ვუყურებ საარჩევნო ბიულეტენს, მეც მჭირდება დაფიქრება, ვის მივცე ხმა, მაგრამ აუცილებლად წავალ არჩევნებზე ჩემს ახლობლებთან ერთად და დავაფიქსირებ ჩემს ხმას“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოში მერვე მოწვევის პარლამენტის არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ არჩევნებში მონაწილეობისთვის 56 პარტიიდან 20 უკვე დაარეგისტრირა. 150 დეპუტატს 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი აირჩევს.