თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების იგნორირების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
„ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს უბრალოდ პოლიტიკოსებს შორის არჩევანი კი არა, ეს ჩვენი თავისუფლების არჩევანია. ჩვენ უნდა ვანახოთ თუ ვის ხელში გადავცემთ ქვეყნის მართვის სადავეებს. დავაკისროთ მათ მართვა და მოვითხოვოთ მათგან“, — განაცხადა მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისას.
საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, აღნიშნა პრეზიდენტმა.
"თავისუფალ ქვეყანაში ვერ იქნები დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანი თუ საკუთარ თავზე სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას არ აიღებ. თუ თქვენ ამ პასუხისმგებლობიდან გვერდზე გადგებით და იტყვით, რომ არ გაინტერესებთ პოლიტიკა, რომ პოლიტიკა ბინძურია, რომ არ მოგწონს არცერთი პოლიტიკოსი, რომ ეს თქვენი საქმე არაა — იცოდეთ, რომ ამ მომენტში თქვენ თავისუფლებას კარგავთ“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზვიად გამსახურდიას აუდიტორიაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საჯარო ლექცია „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“ წაიკითხა.