სპორტის სასახლის კარები ფართოდ გაიღო, ტრიბუნებიც მეტ-ნაკლებად შეივსო. ამჯერად სასტარტო ხუთეულს არავინ ელოდა, იყო გაცილებით მეტის მოლოდინი და შეკრებილთ იმედი როდი გაუცრუეს. ტრიბუნა ირაკლი ალასანიამ დაიკავა და საზოგადოებას „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარუდგინა. იყო მქუხარე და ხანგრძლივი აპლოდისმენტები… მოულოდნელი და განსაკუთრებული – არაფერი. ერთ დროს მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური გუნდის რჩეულთ პარტიის თავმჯდომარე უდგას სათავეში. შემდეგ მოდიან უკვე კარგად ნაცნობი, ქართულ პოლიტიკურ არენაზე ნაწრთობი და გამოცდილი პოლიტიკოსები. ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, შალვა შავგულიძე, დავით ონოფრიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, თამარ ამაშუკელი, თეიმურაზ სალუქვაძე, თამაზ შიოშვილი, კოკა ფრუიძე, ვახტანგ მჭედლიძე, თამარ კობერიძე, ბენიამინ კასიმოვი, კოკა ფრუიძე, მიხეილ ავაქიანი, თამარ კეკენაძე, თინათინ რევაზაშვილი — ეს ის ოცეულია, რომელიც, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საარჩევნო პროცესში პარტიის „ლოკომოტივის“ როლსა და ფუნქციას შეასრულებს…
პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე საარჩევნო გზავნილებიც გაისმა. მთავარი დაპირება — უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება. ახლა, შესაძლოა, მკითხოთ — რასთან შედარებით და რამდენად უკეთესი? უცხო არ არის, ჩვენ ყველაფერი ციფრებში გამოხატული გვწყურია და, რადგან ასეა, გეტყვით, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ 250-ლარიან საარსებო მინიმუმს, 300-ლარიან პენსიასა და ყველაზე მინიმალურ 500-ლარიან ხელფასს გვპირდებიან. პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამ დაპირებას საარჩევნო დემაგოგიას უწოდებს და ის ამგვარ შეფასებაში მარტო არ არის.
„ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ისტორიული სიტყვა ვთქვათ!“ — ბრძანა ირაკლი ალასანიამ, და ახლო მომავალში ისტორიული სიტყვების მოსმენის მოლოდინში მყოფთ გეტყვით, რომ სპორტის სასახლის ჭერქვეშ უხვად გაისმა ოქროს სიტყვები.
ზურაბ აბაშიძე: „თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებაში განახლებული ენერგიით, ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნდებიან. ჩვენ შევქმნით უკეთეს ეკონომიკას და უკეთეს ცხოვრებას, მოვერევით უმუშევრობას, სოციალურ და ეკონომკურ პრობლემებს და აღვადგენთ სამართლიანობას, შევქმნით ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს, რეალურად მივცემთ სასამართლოს დამოუკიდებლობას და არავინ აღარასდროს საქართველოში არ დაისჯება უსამართლოდ…“
ითქვა ისიც, რომ პარტიის მსოფლმხედველობა ორ ძირითად პრინციპს ემყარება – ეს არის ადამიანის უფლებები და განვითარებული დემოკრატია.
ნინო გოგუაძე: „ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ, ესე იგი, ჩვენ ვართ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ეს ორი პრინციპი ერთმანეთისგან განუყრელია, რადგან თავისუფალი ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრება მხოლოდ იქაა შესაძლებელი, სადაც მას იცავს სახელმწიფო, რომელშიც განხორციელებულია არსებითი და არა მხოლოდ პროცედურული დემოკრატია. ხოლო დემოკრატია მხოლოდ მაშინ არის არსებითი და ღირებული, როცა მისი მთავარი საქმე და მოწოდება არის ყოველი მოქალაქის, თითოეული ადამიანის დაცვა და ხელშეწყობა. „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი მიზანი საქართველოში სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაა…“
თქვენი არ ვიცი და მე მოსმენილით მოვიხიბლე. „სახელმწიფოს მთავარი ღირებულება იქნება ადამიანი, დამკვიდრდება კანონის უზენაესობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპები, სასამართლო იქნება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და სამართლიანი…“ შენიშვნა მაქვს ერთი და, იმედია, გაითვალისწინებენ. სასამართლო მხოლოდ ხელისუფლებისგან როდი უნდა იყოს დამოუკიდებელი. არც თუ იშვიათად საზოგადოებაში რჩება შთაბეჭდილება და იქმნება აზრი, რომ სასამართლოზე არის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გავლენა. სიტყვის თავისუფლებაზეც ითქვა ორიოდე სიტყვა: „საქართველოში შეუზღუდავი იქნება სიტყვის თავისუფლება…“ ერთიც მინდა ვთქვა, რომ „გავარდეს“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდნენ, იმედია, მასმედიასთან კეკლუცს მოერიდებიან და სიტყვის თავისუფლებასა და თავნებობას შორის ზღვარს გაავლებენ.
ერთი სიტყვით, თავყრილობაზე ემოციურად და დამაჯერებლად ბევრი ითქვა…
შესაძლოა, პარადოქსია, მაგრამ „თავისუფალ დემოკრატებთან“ მიმართებაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი გახდა ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის სტრიქონები, რომელსაც მოგვიანებით, თუმცა იმავე დღეს, სოციალურ ქსელში „მოგზაურობისას“გავეცანი. ჩემი მეგობარი დიდი ხანი არ არის, რაც ირაკლი ალასანიას გუნდს შეუერთდა. მის ჩანაწერს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
ზაზა ფირალიშვილი: „აღარ ვარ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. თქვენთვის საინტერესო მიზეზებიდან სულ ორიოდეს ვიტყვი. პირველ რიგში, ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება ჩემი ტემპერამენტისა და ცხოვრების ყაიდის ადამიანისთვის ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა. დიახ, ადრე ყოველთვის მრჩევლის სტატუსს ვჯერდებოდი, მაგრამ წევრობა სულ სხვა ვითარებაა. იყო, ცხადია, გარკვეული იდეოლოგიური და ტაქტიკური წინააღმდეგობებიც, იყო გაუგებრობაც, თუმცა ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარებოდა. ყოფილ პარტნიორებთან ადამიანური ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი არა მაქვს. ვისაც მეგობრებად ვთვლიდი, ან შორიდან პატივს ვცემდი გაწევრიანებამდე, ისინი კვლავ ჩემს მეგობრებად და პატივსაცემ ადამიანებად რჩებიან. თუ ოდესმე ჩემი რჩევების საჭიროება ექნებათ, ცხადია, უარს არ ვეტყვი. არასოდეს არავისთვის მითქვამს უარი და მით უმეტეს უარს ვერ ვეტყვი ყოფილ პარტნიორებს. დღესაც მივიჩნევ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი და წარმატებას ვუსურვებ. საგანგებოდ ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ რომელიმე სხვა, მით უმეტეს, სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდში გადასვლას. დღესაც მაქვს ორიოდე საკმაოდ მომხიბლავი წინადადება, მაგრამ, წმინდა მორალურ მოსაზრებებსაც რომ დავანებოთ თავი, პოლიტიკის გარეშეც მაქვს თვითრეალიზების სივრცე და ასეთი სალტო-მორტალეების საჭიროება არ გამაჩნია. ეს არის სულ, რისი თქმის სურვილიც მქონდა. მეტს ვერაფერს დავამატებ…“
უმალ კომენტარებს გავეცანი და არ გამკვირვებია, როცა ზაზა ფირალიშვილის პოლიტიკიდან წასვლა უმრავლესობამ პოზიტიურად შეაფასა და ფილოსოფოსს გადაწყვეტილება მოუწონა.
ბატონო ზაზა, პოლიტიკისთვის არ გვემეტებით — ასეთი იყო კომენტარების მთავარი პათოსი.
დასასრულს ტრადიციულად ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი. მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნებზე დამოუკიდებლად პირველად გადიან. როგორ დასრულდება დებიუტი, დრო გვიჩვენებს. თავად გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია და მისი წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ოქტომბერში ასიათასობით მხარდამჭერთან ერთად წარმატებას იზეიმებენ. ვიცი, რომ მარცხისთვის არავინ ემზადება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთაგან უკლებლივ ყველას გამარჯვების იმედი აქვს. უფრო მეტიც, უმრავლესობა წარმატებაში დარწმუნებულია. ისიც ვიცი, რომ ამგვარი თვითდაჯერების საფუძველი, უბრალოდ, არ არსებობს და პოლიტფიგურანტების განცხადებები ხშირად ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს ჩატარებული და გაცხადებული კვლევების შედეგებით, „თავისუფალი დემოკრატები“ სავალდებულო ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვასთან ახლოს არიან.