თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) იმ 34 პარტიიდან, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადები უკვე შეიტანეს, 9 პარტია დაარეგისტრირა, აღნიშნულია ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყო.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ და უკვე დარეგისტრირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძაობა“.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც“. მისი ლიდერები არიან დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი.
რეგისტრაცია ცესკოში ასევე გაიარეს პარტიებმა: „სახალხო ხელისუფლება“ (ლიდერი – ზურაბ კობიაშვილი); „საქართველო მშვიდობისათვის“ (დავით თევზაძე); „სამართლიანობის აღდგენის კავშირი. ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ (მიხეილ (გელა) სალუაშვილი); „საქართველოს კომუნისტური პარტია“ (ივანე წიკლაური) და „საქართველო“ (გიორგი ლილუაშვილი).
მმართველი კოალიციის წამყვან პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ცესკოში რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია. პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავთ, რეგისტრაცია არჩევნებამდე 57 დღით ადრე შეუძლიათ.
პარტიებმა 15 აგვისტომდე ცესკოში უნდა წარადგინონ 25 ათასი ამომრჩევლის სია. თუ პარტიას ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენელი ჰყავს, მან მხოლოდ 1 000 ამომრჩევლის სია უნდა წარადგინოს.
ცესკო ვალდებულია ყველა პარტიის რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე დაასრულოს და პარტიების საბოლოო სია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს.