თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება, ის პარლამენტს უხელმძღვანელებს.
„მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
მედიაში მთავრობის მეთაურის სამომავლო გეგმებზე ვარაუდების გამოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე–პრემიერად დანიშნა. გამოითქვა მოსაზრება, რომ კვირიკაშვილი ქუმსიშვილის სახით თავის შემცვლელს ამზადებს, თვითონ კი პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს.
ქუმსიშვილთან დაკავშირებით პრემიერმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის და კახი კალაძე აქტიურად იქნებიან ჩართული არჩევნების პროცესში, ეკონომიკურ გუნდს კი კოორდინაცია ჭირდება.
„ამიტომ ამ საკითხზე ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია უადგილოა,“ — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.