თბილისი, 11 მაისი — Sputnik. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია „ქართულ ოცნებაში“ შექმნილ ვითარებას „მართვად ქაოსს“ უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.
ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.
„ქართულ ოცნებაში“ პრაქტიკულად არის მართვადი ქაოსი, რომელიც ხელს აძლევს არაფორმალურ მმართველს, რომ მან უკეთ შეძლოს როგორც მთავრობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის გაკონტროლება“, — განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება ნატოს თემაზე „ოცნების“ დეპუტატის თამაზ მეჭიაურისა და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამას უწოდებს "რუსულ თამაშს", ხოლო მეჭიაურის განცხადებებს – "საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს".