თბილისი, 28 მარტი — Sputnik. „რესპუბლიკური პარტია“ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის საკითხს არ განიხილავს, დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
უფრო ადრე საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, კოალიციაში შემავალმა პარტიებმა 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებზე ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა.
„რესპუბლიკელები" არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”, — დაწერა უსუფაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დაშლაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მმართველი პარტიის შიგნით სკანდალი აგორდა — „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ „რესპუბლიკელ“ თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.
ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.