თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე წინააღმდეგი არ არის, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა.
„ქართული ოცნების“ დაშლის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს —„რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის სკანდალი აგორდა. „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 2015 წლის ოქტომბერში საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
„ცუდი არ იქნებოდა თუ არჩევნებში ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ უკვე პარლამენტში მივიღებთ გადაწყვეტილებას კოალიციის შექმნის შესახებ… როდისმე კოალიცია დაიშლება, ეს ნორმალური პროცესია და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია Palitra TV-ის ეთერში.
ვიცე-პრემიერის სიტყვებით, მმართველ პარტიაში წინასაარჩევნოდ ახალი სახეები გამოჩნდებიან, რომელთა შესახებაც მოკლე პერიოდში გახდება ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობის შემდეგ, 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა.
ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.