თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ავსტრიაში სეზონისწინა შეკრების დასკვნით ამხანაგურ მატჩში „დინამო“ თბილისი კიევის „დინამოსთან“ დამარცხდა ანგარიშით 0:2, ნათქვამია ქართული კლუბის ვებ-გვერდზე.
თამაშის დაწყებისთანავე უპირატესობა კიეველმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს, რაც მატჩის 21-ე წუთზე გოლით განმტკიცდა. გოლი უკრაინის ნაკრებისა და გუნდის ლიდერმა ანდრეი იარმოლენკომ გაიტანა.
მატჩის მეორე ნახევარში სურათი არ შეცვლილა და მეორე გოლმაც დიდხანს არ დააყოვნა. მე-60 წუთზე გოლი ჟუნიორ მორაესმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც განსაზღვრა.
სეზონისწინა შეკრებაზე თბილისის „დინამოელებმა“ ოთხი ამხანაგური მატჩი გამართეს, გაიმარჯვეს ჰაიფას „მაკაბისთან“ ანგარიშით 2:0, ფრედ (1:1) დაასრულეს ვარშავის „ლეგიასთან“ და ორჯერ დამარცხდნენ: ბულგარეთის „ლუდოგორეცთან“ (0:3) და კიევის „დინამოსთან“ (0:2).
ამ სეზონზე თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და უეფას ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, სადაც სტარტს მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან აიღებს. თბილისის „დინამოს“ მოწინააღმდეგე დღეს, 5 ივლისს „ალაშკერტისა“ (სომხეთი) და “სანტა კოლომას“ (ანდორა) შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება – „დინამო“ ამ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდებმა პირველი შეხვედრა ფრედ — 0:0 დაასრულეს.
თბილისში „დინამო“ პირველ მატჩს 12-13 ივლისს გამართავს. საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.