გავრილ კაჩალინი: თბილისელებმა დამანახეს, როგორ შეუძლია ქვეყანას ფეხბურთით ცხოვრება

© RIA Novostiგავრილ კაჩლინი
გავრილ კაჩლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“, რომელიც ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იგივე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული, გავრილ კაჩალინს წარმოგიდგენთ. სწორედ მისი მწვრთნელობისას გახდა თბილისის „დინამო“ სსრკ–ს ჩემპიონი 1964 წელს.

ბესიკ ფიფია

1951 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ პირველი წრის ბოლოს მოულოდნელად სასტიკად დამარცხდნენდონეცკის „შახტიორთან“ (0:4) და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს.

საფეხბურთო სეზონის შედეგების შეჯამებისას სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი გავრილ კაჩალინი წერდა: „თავისი უნდა მიეზღოს მეორე პრიზიორსაც — თბილისის „დინამოს“. წელს გუნდმა მაღალი სპორტული თვისებები, ფიზიკური გამძლეობა აჩვენა, საკმაოდ ძლიერი იყო ყველა ხაზში და განსაკუთრებით — ტრადიციულად — თავდასხმაში. დასანანია, რომ სამხრეთელებს, როგორც ყოველთვის, არ ეყოთ ფსიქოლოგიური სიმტკიცე, ფატალური რწმენა იმისა, რომ არ შეუძლიათ ჩემპიონები გახდნენ. მინდა იმედი ვიქონიო, რომ გამოჩნდება კაცი, რომელიც სამხრეთელებს ამ ფსიქოლოგიურ კომპლექსს მოუხსნის და საკავშირო ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაში დაეხმარება — იმ საფეხურზე, რომელიც უკვე დიდი ხანია დაიმსახურეს“.

ასეთი კაცი ცამეტი წლის შემდეგ, 1964 წელს გამოჩნდა და ეს თავად გავრილ კაჩალინი იყო.

„დინამოელებმა“ ახალ მწვრთნელთან ერთად ჩემპიონატი წარმატებით დაიწყეს —  პირველი ოთხი მატჩიდან ყველა მოიგეს. მერე კი წარუმატებლობათა სერია დაიწყო: მარცხი მოსკოვის „დინამოსთან“ (1:3), კიშინიოვის „მოლდოვასთან (0:2), ფრე ალმაათის „ქაირათთან“ (2:2) და ისევ წაგება დონეცკის „შახტიორთან“ (1:2)…

ამის მერე გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ამტკიცებდნენ, კაჩალინის სამწვრთნელო ხელოვნება მხოლოდ ნაკრებისთვის გამოდგება, იმიტომ რომ მას უკვე „მზა“ ფეხბურთელების გაერთიანება შეუძლია და არა მათი აღზრდა, რომ ხანგრძლივი ტურნირის განმავლობაში გუნდის ხელმძღვანელობა არ გამოსდის.

© РИА Новостиბორის პაიჭაძის თბილისის "დინამოს" სტადიონი
ბორის პაიჭაძის თბილისის დინამოს სტადიონი - Sputnik საქართველო
ბორის პაიჭაძის თბილისის "დინამოს" სტადიონი

 

მაგრამ გავრილ კაჩალინმა ამ წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში, სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის პირობებშიც კი გამოავლინა წინამძღოლის უნარი: არც გუნდთან გულისამაჩუყებელი საუბრებისთვის მიუმართავს, სხვებივით არც გაულანძღავს ისინი და არც მოფერებია — მშვიდად განაგრძო დაძაბული მუშაობა.

„დინამოელებმაც“ თანდათან აღადგინეს დანაკარგები — პირველი წრე მეორე ადგილზე დაამთავრეს და ლიდერს, მოსკოვის „ტორპედოს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ. საქმე თითქოს კარგად მიდიოდა, როცა უცბად… 

თბილისის დინამო - შემადგენლობა, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასი მოიგო - Sputnik საქართველო
კოტე მახარაძე: Ликует столица Грузии и вся страна...

„გავრილ კაჩალინს არასდროს დაავიწყდება მოსკოველ არმიელებთან თამაში, — დაწერს ლეონიდ პრიბილოვსკი წიგნში „დიდი ფეხბურთის მწვრთნელები“. — გუნდმა თამაში მძლავრი, საუცხოოდ აგებული შეტევებით დაიწყო და მოწინააღმდეგე კარს დიდი ხნით მიაჯაჭვა. მერე კი დაცვაში წარმოუდგენელი, უუხეშესი შეცდომები დაუშვეს, რასაც გამაოგნებელი წაგება მოჰყვა — 1:4.

ბიჭები გასახდელში დაბრუნდნენ. მძიმე დუმილი ჩამოწვა. მწვრთნელისთვის არცერთ მათგანს არ შეუხედავს — თავჩაქინდრულები ისხდნენ, თითქოს გაწბილებული მამისგან სამართლიან სასჯელს ელოდებოდნენ… მაგრამ მოულოდნელად მწვრთნელის მშვიდი, უფრო მეტიც — მხნე და ოდნავ დამცინავი ხმა გაისმა: „იცით, რა, ძვირფასებო, კეთილი ინებეთ და „სპარტაკთან“ მატჩში საკუთარ თავებსაც და მეც დამიმტკიცეთ, რომ რაც დღეს მოხდა, შემთხვევითობა იყო…“

© "Свободная Грузия"ქუთაისის "ტორბედოს" სტადიონი
ქუთაისის ტორბედოს სტადიონი - Sputnik საქართველო
ქუთაისის "ტორბედოს" სტადიონი

უნდა გენახათ, რა დაემართათ ბიჭებს! სტრესი უცბად მოეხსნათ, გაისმა ხუმრობა, ხმამაღალი და მხიარული წამოძახილები. ჩემს გვერდით მდგარმა ვსევოლოდ ბობროვმა თავი ვერ შეიკავა, გაიღიმა და ყურში ჩამჩურჩულა:

— მაინც, რა დიდი ფსიქოლოგია ეს კაჩალინი!

გუნდი მძიმედ, ხან აღმასვლით, ხან კი ჩავარდნებით მისდევდა ჩემპიონატის გზას… მოხდა ისე, რომ თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ თანაბარი ქულები დააგროვეს და პირველად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში, ქვეყნის ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი დუელის დანიშვნა გახდა საჭირო.

პუშკინის ძეგლი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე პუშკინი: არ მახსოვს დღე, დღევანდელზე უფრო მხიარული ვყოფილიყავი

შეხვედრა, რომელმაც უჩვეულო ინტერესი გამოიწვია, 18 ნოემბერს გაიმართა ტაშკენტში — ნეიტრალურ მოედანზე. მაყურებელმა „ფახთაქორის“ სტადიონი ბოლომდე შეავსო, კიდევ მილიონობით ქომაგი კი რადიომიმღებებს მიეჯაჭვა.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დამთავრდა. მეორე ტაიმში ანგარიში „ტორპედოელებმა“ გახსნეს. 56–ე წუთზე ვლადიმერ შჩერბაკოვმა შესანიშნავი დარტყმით გაიტანა გოლი. „დინამოელებს“ ამ გოლმა ყურები კი არ ჩამოაყრევინა, პირიქით, ისე ათამაშდნენ, თითქოს სწორედ იმას ელოდნენ, მოსკოველები როდის გააბრაზებდნენ. მთელი გუნდი იერიშზე გადავიდა, კარს განუწყვეტლივ უტევდნენ, კუთხურს კუთხური ცვლიდა, რომლის ოსტატადაც ილია დათუნაშვილი მიიჩნეოდა. სწორედ ის აწვდიდა ხოლმე ჩახვეულ დარტყმებს კუთხურიდან…

© "Свободная Грузия"სადღესასწაულო სუფრასთან
სადღესასწაულო სუფრასთან - Sputnik საქართველო
სადღესასწაულო სუფრასთან

ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა. დამატებით მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. დაძაბულობამ აპოგეას მიაღწია. ეს იგრძნობოდა ტრიბუნებზეც, ლოჟებშიცა და  მწვრთნელებისა და სათადარიგო მოთამაშეების სკამებზეც. თუმცა თამაშის მთავარი ნერვი, რასაკვირველია, მაინც მწვანე მინდორზე გადიოდა…

მერე მიხეილ მესხი სწრაფად გაიჭრა ცენტრისკენ, მცველები მოხერხებულად ჩამოიტოვა, ბურთი მშვენივრად გახსნილ ილია დათუნაშვილს ზუსტად ჩააწოდა, იმანაც დაარტყა და… თბილისელთა თავდამსხმელი დღის გმირად იქცა… კიდევ ათი წუთის შემდეგ მიხეილ მესხმა მოსკოველების კარში მესამე გოლი გაიტანა, ხოლო სლავა მეტრეველმა წერტილი დაუსვა მატჩს: საბოლოო ანგარიში 4:1.

„ოქროს მატჩის“ გამარჯვებულები სტადიონიდან პირდაპირ აეროპორტში წავიდნენ და სპეცრეისით დაახლოებით ღამის ორ საათზე ჩამოფრინდნენ თბილისში. „დინამოს“ მთელი ქალაქი დახვდა.

მარინა ვლადი ფილმში ჯადოქარი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ვისოცკი: „შენს სიყვარულში, როგორც მზეში, ისე ჩავიწვი...“

ფეხბურთელები პირდაპირ ტრაპიდან აიტაცეს ხელში და ასე მიიყვანეს ავტობუსამდე, თან გზაში ჰაერში აბურთავებდნენ. ქალაქი ხმაურობდა, გუგუნებდა, დუღდა და ბობოქრობდა.

ღამის მიუხედავად „დინამოს“ სტადიონის კარები გახსნეს და ათასობით გულშემატკივარმა ახლა იქ მოიყარა თავი. ხალხი მღეროდა, ცეკვავდა, სადღეგრძელოებს ამბობდა. აპლოდისმენტები დაიმსახურა ცნობილმა მსახიობმა ემანუელ აფხაიძემ, რომელმაც მთავარ მწვრთნელს იქვე სადღეგრძელო–ექსპრომტი გამოუთქვა: „Спасибо, Качалин, Прекрасно начали. Поэтому, как в люльке, Вас ребята качали“…

© Sputnik / STRINGERგავრილ კაჩალინი და რევაზ ძოძუაშვილი
გავრილ კაჩალინი და რევაზ ძოძუაშვილი - Sputnik საქართველო
გავრილ კაჩალინი და რევაზ ძოძუაშვილი

 

„ჩემპიონები ვერ გავხდებოდით, მწვრთნელად გავრილ კაჩალინი რომ არ გვყოლოდა, ჭეშმარიტად დიდი მწვრთნელი იყო…“ — — უთხრა ამ სტრიქონების ავტორს ილია დათუნაშვილმა.

სწორედ მისგან ვიცი, რომ გავრილ კაჩალინს საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული წეს–ჩვეულებანი, ქართული სამზარეულო ძლიერ შეყვარებია, მაგრამ სრულიად გულგრილი ყოფილა ღვინოების მიმართ.

ილია დათუნაშვილმა ისიც მითხრა, გავრილ კაჩალინი დიდად განათლებული და მეტად ინტელიგენტური ადამიანი, უიშვიათესი დამრიგებელი იყო, რომელიც მატჩების განხილვისა და ვარჯიშის დროს უცენზურო სიტყვებს არასდროს იყენებდაო.

1965 წელს გავრილ კაჩალინი კვლავ მოსკოვში გამოიძახეს და სსრ კავშირის ახალგაზრდული (1965) და ოლიმპიური (1966–1968) ნაკრებების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. თუმცა კიდევ მოუწია „დინამოს“ მწვრთნელობა — 1971 და 1972 წლებში — და გუნდმა ორივე სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა…

ვიტალი დარასელია - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელია — ქართული ფეხბურთის ლეგენდა

გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი ტატო ლასხიშვილი იხსენებს:

„გავრილ კაჩალინის გაცნობის პატივი საქართველოს ტელევიზიის სპორტულ კომენტატორად მუშაობის დროს, 1982 წლის აგვისტოში მქონდა. მაშინ უკვე 70 წელს იყო გადაცილებული და წვრთნელობასაც ჩამოშორებოდა… ქუთაისში ადგილობრივი „ტორპედოსა“ და ალმაათის „ქაირათის“ შეხვედრის რეპორტაჟის გადმოსაცემად ვიყავი მივლინებული და სწორედ ამ თამაშამდე ერთი დღით ადრე გავიცანით ერთმანეთი.

კომენტატორებს მაშინ ცოტას უხდიდნენ და მივლინებებისას, დამატებითი ანაზღაურებისთვის, რაიონების სპორტული ცხოვრების შესახებ სიუჟეტებსაც ვაკეთებდით და კინორეპორტაჟებსაც ვამზადებდით რესპუბლიკის პირველობაზე საფეხბურთო მატჩების შესახებ. იმ დღეს ჩვენი ჯგუფი „საირმისა“ (მაიაკოვსკი) და „კოლხეთის“ (ხობი) შეხვედრის გადაღებას აპირებდა.

გავრილ კაჩალინი თბილისის აეროპორტში, 1972 წელი.
გავრილ კაჩალინი თბილისის აეროპორტში, 1972 წელი. - Sputnik საქართველო
გავრილ კაჩალინი თბილისის აეროპორტში, 1972 წელი.

როცა კაჩალინმა შეიტყო, რომ მაიაკოვსკის „სამშობლოში“ მივდიოდით, მორიდებით იკითხა, შეიძლება, მეც თქვენთან ერთად წამოვიდე და, თუ დრო გექნებათ, ჯერ მაიაკოვსკის სახლ–მუზეუმი მოვინახულოთ, მერე კი ფეხბურთზე ერთად წავიდეთო. რასაკვირველია, ამ წინადადებამ ძალიან გამახარა და რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე გზას ვადექით…

გამაკვირვა იმან, რომ გავრილ კაჩალინი — ეს უინტელიგენტესი კაცი, დიდი ინტერესით უსმენდა ჩვენი ოპერატორის, სულიკო ვაშაკიძის თავგადასავალს, რომელიც ბაიკალ–ამურის მაგისტრალზე გადახდენოდა. მაიაკოვსკის სახლმუზეუმში კი ჩვენი არსებობა თითქოს დაავიწყდა, განმარტოვდა და პოეტის ხელნაწერების კითხვა დაიწყო…

იქიდან ფეხბურთზე წავედით. სტადიონზე რომ შევედით, მატჩი უკვე დაწყებული დაგვხვდა. ძნელია იმის სიტყვებით გადმოცემა, რაც მაშინ მაიაკოვსკში მოხდა:  მაყურებელმა კაჩალინი იცნო, თამაში დაივიწყა, მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა და ტაშით შეეგება სტუმარს. მსაჯი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, შეხვედრა შეაჩერა და ამბის გასაგებად გვერდითა მსაჯთან მიირბინა… რამდენიმე წამის შემდეგ გულშემატკივრებთან ერთად უკვე ფეხბურთელებიცა და მსაჯებიც ესალმებოდნენ დიდ მწვრთნელს, რომელმაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი სსრ კავშირის ჩემპიონატში პირველ ოქროს მედლებამდე მიიყვანა“.

ნიკოლოზ I - Sputnik საქართველო
დიდი ადამიანები საქართველოში: იმპერატორი ნიკოლოზ Ι

გულბათ ტორაძე თავის წიგნში იხსენებს: „გავრილ კაჩალინი თბილისში  მისი საყვარელი მიხეილ მესხის უდროო გარდაცვალების შემდეგაც ჩამოვიდა, 1991 წლის აპრილში. მაშინ 80 წლისა იყო, მაგრამ გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მასთან გასაუბრება მოვახერხე. დიდი სითბოთი გაიხსენა მიშა, როგორც პიროვნება, ხოლო როგორც ფეხბურთელს — უნიკალური უწოდა. ჩემ შეკითხვაზე, ვის გამოყოფდა წარსულის ქართველ ფეხბურთელთა შორის, გავრილ კაჩალინმა დაუფიქრებლად დაასახელა ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა და ავთანდილ ღოღობერიძე. ესენი საერთაშორისო კლასის დიდი ფეხბურთელები იყვნენო, მითხრა“.

გავრილ კაჩალინის გულისცემა 1995 წლის 23 მაისს შეწყდა. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დიდმა მწვრთნელმა გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ მისცა ინტერვიუ, სადაც თბილისში მუშაობის პერიოდი ასე გაიხსენა:

„გუნდი და ქალაქი შესანიშნავად შემხვდნენ. ჩასაფრებულ დახვედრას ველოდი „ახალი ცოცხის“ გამოჩენის გამო, მაგრამ — არა. საქართველომ სრული ნდობა გამომიცხადა, ჩემში ყველას ჯადოქრის დანახვა სურდა, მაგრამ მე ჯადოქარი არ ვარ — მწვრთნელი ვარ…

მე მხოლოდ „დინამოსთან“ მუშაობა მქონდა დაგეგმილი, მაგრამ რეალურად რესპუბლიკის მთელი ფეხბურთი მივიღე „ტვირთად“. თქვენ ელოდებით, რომ საწვრთნელ პროცესში ქალაქის ხელმძღვანელობის ჩარევაზე და მატჩების წინ გასახდელში პარტიული ხაზით „დამუშავებაზე“ ვილაპარაკებ? ასეთის ხსენებაც კი არ ყოფილა…

თავად ფეხბურთელებმა პირდაპირ დამატყვევეს — უწინარეს ყოვლისა, ტექნიკით. „არარატი“ და „ნეფტჩიც“ ასევე მეტად ტექნიკური გუნდებია, მაგრამ ქართველებთან ამ კუთხით ვერც მოვიდოდნენ. მე ყოველთვის ვიყავი და ახლაც ვარ ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივრად, და თბილისში ვიხილე თითქმის… ბრაზილიელები.

თბილისელებში, მთელ ქართველ ხალხში, პირველად ვნახე, როგორ შეუძლია ქვეყანას ფეხბურთით ცხოვრება, რა ბევრი შეუძლია გაიღოს საკუთარი გუნდისთვის და როგორ მოითხოვოს მათგან შედეგი. ოცდათხუთმეტათასიანი სტადიონი ყოველ თამაშზე პირთამდე ივსებოდა, ბევრი შესასვლელშივე რჩებოდა და რეპორტაჟს რადიოთი უსმენდა, ხოლო გამარჯვებას მთელი ქვეყანა ზეიმობდა…“

ყველა ახალი ამბავი
0