ვიტალი დარასელია — ქართული ფეხბურთის ლეგენდა

© семейный архив Марины Мамаладзеვიტალი დარასელია
ვიტალი დარასელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ქვრივმა მარინა მამალაძემ Sputnik–ის კორესპონდენტს უამბო, რაოდენ ერთგული და შრომისმოყვარე ადამიანი გახლდათ მისი მეუღლე, რომელმაც, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, უზარმაზარ წარმატებას მიაღწია.

ნოდარ მაისურაძე

ვიტალი დარასელია ჯერ კიდევ მერვე კლასში იყო, როცა ამბობდა, აუცილებლად ვითამაშებ თბილისის დინამოში და ცნობილი ფეხბურთელი გავხდებიო. მაშინ ეს სიტყვები შესაძლოა სასაცილოდ და მიამიტურად ჟღერდა, მაგრამ წლებმა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დარასელია იქცა ლეგენდად, რომლის სახელიც საუკუნეების მანძილზე ასოცირდება „დინამოს“ ოქროს შემადგენლობასა და საერთაშორისო არენაზე გუნდის მქუხარე წარმატებასთან. 

დღეს თბილისში 35 წლის წინანდელ გამარჯვებას ზეიმობენ, როდესაც თბილისი „დინამო“ თასთა თასის მფლობელი გახდა. 

იუბილის წინ ჩვენ ვიტალი დარასელიას ქვრივს, მარინა მამალაძეს შევხვდით. ქალბატონმა მარინამ, რომელიც ძალიან დიდი ხანია, რაც ჟურნალისტებს არ შეხვედრია და ინტერვიუ არ მიუცია, ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა. და უფრო მეტიც, არქივის ფოტოების გარდა ის თასიც გვათხოვა, რომელიც ვიტალი დარასელიას გამარჯვების გოლისთვის გადასცეს და რომელიც თასთა თასის მცირე ანალოგია. 

© ALEXANDER IMEDASHVILIვიტალი დარასელიას სპეციალური პრიზი
ვიტალი დარასელიას სპეციალური პრიზი - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელიას სპეციალური პრიზი
 

— არ დაიღალეთ ამ 35 წლის განმავლობაში?

— თანაც, როგორ დავიღალე! ახლა მართვის ყველა სადავე შვილებს გადავეცი. მთელი ამ წლების განმავლობაში ხსოვნის საღამოებს, შეხვედრებს მე ვხელმძღვანელობდი, ახლა კი მათი ჯერია. დავიღალე ერთი და იგივე შეკითხვებითა და პასუხებით. ვიტალიმ ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა, მისი ისტორია ძალიან მოკლეა. სულ 25 წლისა იყო, როცა გარდაიცვალა. ორმოც წლამდე მაინც რომ ეცოცხლა, თან რომ ეთამაშა ან მწვრთნელად ემუშავა, კიდევ მესმის, მაგრამ… ჩვენ ერთად მხოლოდ 8 წელი გავატარეთ, თუ სკოლის წლებს არ ჩავთვლით. 

— ხუთი წლის წინ იმ ისტორიული მატჩის მონაწილეები „სპორტის რაინდების“ ორდენებით დააჯილდოვეს. თქვენც გადმოგეცათ ეს ორდენი?

— არა, დაღუპულებისთვის ეს ჯილდო არ მიუციათ. ისე, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა რაღაც სიაში არ მოვხვდით იმის გამო, რომ ვიტალი ცოცხალი არ არის. 

— დაივიწყეს?

— არა, ასე არ ვიტყოდი. ნებისმიერ ღონისძიებაზე ყველაფერი მაინც ვიტალის გოლით იწყება, იმიტომ რომ მაშინ ის გამარჯვება ნამდვილად მისი დამსახურება იყო. თუმცა წვრილმანებში ავიწყდებათ ხოლმე.  

— რა იყო თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი — მისი გამარჯვებებისა და წარმატებების გაზიარება თუ ნერვიულობა, რომ ტრავმა არ მიეღო?

— არ არსებობს ფეხბურთელი ტრავმის გარეშე. ვიტალის ფეხები სულ დალურჯებული ჰქონდა, ერთხელ ქუსლის ძვალი გაებზარა და რაღაც პერიოდი ვერც თამაშობდა. თუმცა, ბუნებრივია, რომ ტრავმების გამო გამარჯვებებისადმი სწრაფვა არ განელებია. ჯერ კიდევ მერვე კლასში ვიყავით, როცა ამბობდა, აუცილებლად მოვხვდები ოლიმპიადაზეო (მოსკოვის ოლიმპიადა 1980 წელს, — რედ.), მაგრამ ისე მოხდა, რომ სწორედ იმ მომენტში ტრავმა ჰქონდა და არ წაიყვანეს. გიჟდებოდა, ისე უნდოდა ოლიმპიურ ნაკრებში თამაში. 

სამაგიეროდ მერე პრაქტიკულად ყველაფერი შესაძლებელი მოიგო თავის ასაკობრივ კატეგორიაში და ევროპის ჩემპიონიც გახდა 21 წლამდელთა შორის. მედალიც მქონდა, მაგრამ გაგვქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად ვიტალის ორი მედალიც წაიღეს. 

ბევრი თხოვნა ვწერე სხვადასხვა ინსტანციებში, მედლები დამაბრუნებინეთ–მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საქართველოში   სულ სამ კაცს ჰქონდა ასეთი მედალი — ვიტალის, რამაზ შენგელაიას და ვოვა გუცაევს. თუმცა ისინი ძვირფასი სულ სხვა კუთხით იყო, ოქრო მასში არ შედიოდა — ვერცხლისა იყო, უბრალოდ ზემოდან მოოქროვილი. 

— არ გიჭირდათ მეუღლის ჩრდილში ცხოვრება?

— არა, ვიცოდი, ვისაც მივყვებოდი ცოლად. 

© მარინა მამალაძის საოჯახო ალბომიდანსულაქველიძე, შენგელია და დარასელია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში
სულაქველიძე, შენგელია და დარასელია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში - Sputnik საქართველო
სულაქველიძე, შენგელია და დარასელია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში

— და მზად იყავით?

— რა თქმა უნდა. მუშაობას არც კი ვაპირებდი, მიუხედავად იმისა, რომ ფილოლოგიური ფაკულტეტიც დავამთავრე და იურიდიულიც. ასე რომ, დიახ, მზად ვიყავი. უფრო მეტიც, სულ ცოტა, ორი შვილის გაჩენას ვაპირებდი, მაგრამ არ გამოვიდა… ის იყო სამოთახიანი ბინა მოგვცეს, რემონტის კეთება დავიწყეთ, საძინებლისა და სამზარეულოს ყიდვა მოვასწარით და… ვიტალიმ ერთი დღეც ვერ მოასწრო იქ ცხოვრება. 

— შვილები თუ აღიქვამენ თავს ლეგენდის ნაწილად? თუ ეს მათთვის მხოლოდ წარსულის გამოძახილია? 

— ჩვენი შვილები ამაყები არიან მამით. ვაჟსაც მისი სახელი ჰქვია და შვილიშვილსაც. ასე რომ, მათ ახსოვთ ვიტალი.  

© მარინა მამალაძის საოჯახო არქივივიტალი დარასელია მეუღლესთან, მარინა მამალაძესთან და შვილებთან ერთად
ვიტალი დარასელია მეუღლესთან, მარინა მამალაძესთან და შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელია მეუღლესთან, მარინა მამალაძესთან და შვილებთან ერთად
 

— ყველა ამბობს, რომ ვიტალი დარასელია უზომოდ შრომისმოყვარე იყო და საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდაო…

— სწორედ ასე იყო. „დინამოს“ ბაზის პირდაპირ ვცხოვრობდით და ყველა სახლში რომ მიდიოდა, ის მაინც რჩებოდა სავარჯიშოდ. ვიჯექი და ველოდებოდი ერთი საათი, ორი საათი… მე კიდევ ვიჯექი და ველოდებოდი, როდის დაამთავრდებდა ვარჯიშს, რომ შინ წავსულიყავით. თავი არ ეცოდებოდა… თუმცა, სხვაგვარად ვიტყვი, მას სურდა იმისთვის მიეღწია, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა. ფეხბურთი მისი ვნება იყო. 

ჩვენ კლასელები ვიყავით. ვიტალის სახლის სკოლასთან ახლოს იყო და გაკვეთილების დაწყებამდე ზღვისპირას სირბილს ასწრებდა – ნებისმიერ ამინდში. ეზოში ონკანი ჰქონდათ და ისიც ზამთარში თუ ზაფხულში იქ ივლებდა წყალს და მერეღა მოდიოდა სკოლაში. საშინლად შრომისმოყვარე იყო. ასეთ ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში აღარ შევხვედრილვარ. 

ისეც მომხდარა, რომ ნოდარ ახალკაცს შემადგენლობაში არ დაუყენებია. 5–10 წუთი ათამაშებდა და მორჩა. ამის გამო შინ ტრაგედია გვქონდა ხოლმე — იჯდა და ტიროდა. მეც გვერდით ვეჯექი და მასთან ერთად ვტიროდი. სხვა რა უნდა გვექნა? ვერაფერს ვიზამდით. მერე ვიტალი უმტკიცებდა და უმტკიცებდა ახალკაცს, რომ ის თამაშის ღირსია. და იმდენი ქნა, რომ მის საყვარელ და საიმედო ფეხბურთელად იქცა.

როცა ვიტალის დაღუპვის შემდეგ „დინამოს“ ის შემადგენლობა, პრაქტიკულად, დაიშალა, ახალკაცმა მითხრა: ვიტალი რომ ცოცხალი იყოს, ეს არ მოხდებოდაო.  

© მარინა მამალაძის საოჯახო არქივივიტალი დარასელია
ვიტალი დარასელია - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელია

— მართალია, რომ ახალკაცი დარასელიას გარშემო ახალი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებდა? სწორედ დარასელიას და არა ყიფიანის?

— შეიძლება ასეც ითქვას. ეს იმიტომ რომ ყიფიანს უკვე ასაკი ჰქონდა, ახალგაზრდებიდან კი ვიტალის იმედი ჰქონდა ახალკაცს. 

— თქვენ, როგორც დიდი ფეხბურთელის მეუღლე, რას ფიქრობთ, რაში იყო იმ ლეგენდარული გუნდის „მარილი?“

— ქართველებს, როგორც „ფორბსი“ ამტკიცებს, 94 ოლიგარქი გვყავს. ათიც რომ გვყავდეს და აქედან ერთს მაინც გაუჩნდეს სურვილი, რომ ქართულ ფეხბურთში ფინანსები ჩადოს, საკმარისი იქნებოდა. ფეხბურთი უფულოდ არ არსებობს. რატომ გამოიზარდა ჩვენ დროს ამდენი ფეხბურთელი? იმიტომ რომ მაშინ, ასე თუ ისე, ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იყო და ყოველდღიურ რუტინაზე საფიქრალი არ ჰქონდათ. ბინებიც ჰქონდათ, მანქანებიცა და ნორმალური ხელფასებიც. ფეხბურთელები თამაშის გარდა, სხვაზე არაფერზე ფიქრობდნენ. ჩვენ ბინა ისევე მოგვცეს, როგორც სხვებს აძლევდნენ და თანაც ზუსტად ვიცოდით, რომ მოგვცემდნენ და ყიდვა არ დაგვჭირდებოდა. ვიტალი 24 წლისა იყო, როცა ეს მოხდა. მანქანა გჭირდებოდა? კი, ბატონო! მეორეც?— ესეც ინებეთ! მართალია, მილიონებს არ ვატრიალებდით, როგორც თანამედროვე ფეხბურთელები, მაგრამ ღირსეულად ვცხოვრობდით. 

ახლა ჩვენი ფეხბურთელები 600 თუ 1000 ლარს იღებენ და რა არის ეს სპორტსმენისთვის? 

გარდა ამისა, მაშინ ყველაფერი საბავშვო ფეხბურთიდან იწყებოდა. ყველა ბიჭი ჯერ ეზოში თამაშობდა. ამას ემატებოდა სხვადასხვ მასშტაბის შეჯიბრებები: რაიონული, საქალაქო, მერე სპარტაკიადები… და ასე ყოველ წელს. 

მე და ჩემმა მეორე მეუღლემ (ისიც გიჟდებოდა ფეხბურთზე) როგორღაც საბავშვო გუნდის ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ. ორი წელი გვყავდა გუნდი, რომელსაც თავად ვაფინანსებდით. რომ იცოდეთ, რამდენ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდას ვპოულობდით?! ერთი არაჩვეულებრივი გორელი ბიჭი იყო, რომელსაც კედებიც კი არ ჰქონდა. ასეთი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის თბილისში ბინებს ვქირაობდით, მწვრთნელი ჩამოვიყვანეთ…

და სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ოლიგარქები? საქმე ისაა, რომ მათ ხელს არ აძლევს ფეხბურთში თანხების ჩადება.  

© მარინა მამალაძის საოჯახო არქივივიტალი დარასელია გულშემატკივრებს ავტოგრაფს ურიგებს
ვიტალი დარასელია გულშემატკივრებს ავტოგრაფს ურიგებს - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელია გულშემატკივრებს ავტოგრაფს ურიგებს

— უცხოეთიდან ხომ არ ჰქონია ვიტალის შემოთავაზებები?

— რა თქმა უნდა, ჰქონდა. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე 1982 წელს მე, რამაზ შენგელიას, რევაზ სალუქვაძისა და სხვა ფეხბურთელების მეუღლეები ვახლდით გუნდს. ჩვენთან წამდაუწუმ მოდიოდა „კასტორიის“ წარმომადგენელი, რომელმაც, პირდაპირ, შემჭამა: უთხარი მეუღლეს და მოდით ჩემთან, ქარხანას გაჩუქებთო. 

კიდევ ვიღაც იაპონელი მოდიოდა. საღამოს მალაგაში, ბარში ვისხედით და როგორც კი დრო იხელთა მომიჯდა და შეეცადა გადავებირებინე— სამ მილიონს გვთავაზობდა. 

ეს რომ ვიტალის მოვუყევი, მითხრა, თუ ღმერთი გწამს, შეეშვი მაგ ამბავს. სადმე რომ წავიდეთ, შვილებს ვეღარასდროს ვნახავთო. რომ გვცოდნოდა, 85–ში „პერესტორიკა“ დაიწყებოდა და ნორმალურად  ჩამოსვლას შევძლებდით, თუნდაც ხუთი წლის შემდეგ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.   

© მარინა მამალაძის საოჯახო არქივივიტალი დარასელია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრების მატჩზე
ვიტალი დარასელია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრების მატჩზე - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრების მატჩზე

— თვითონ ვიტალის უნდოდა ევროპაში თამაში?

— ძალიან. 

— რომელ კლუბში? 

— „რეალში“, „ბარსელონაში“. ესპანური და ინგლისური ფეხბურთი მოსწონდა, მაგრამ ესპანეთი უფრო იზიდავდა. ალბათ, ზღვისა და კიდევ იმის გამო, რომ ისინი ჩვენ გვგვანან. 

— ფეხბურთელების გამო არა?

— მარადონაზე გიჟდებოდა და აღმერთებდა. 

— დაახასიათეთ ვიტალი დარასელია სამი სიტყვით.

— შრომისმოყვარე, მოსიყვარულე და ერთგული. 


ყველა ახალი ამბავი
0