თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის „დინამომ“, რომელიც წინასეზონურ შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება, ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის „ლუდოგორცთან“ 0:3 წააგო.
ბულგარელები შესვენების წინ უკვე 2:0-ს იგებდნენ. მეორე ნახევრის შუა წუთებზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
პირველი საკონტროლო მატჩი თბილისურმა კლუბმა ვარშავის „ლეგიის“ წინააღმდეგ 1:1 ანგარიშით დაასრულა.
შეკრების დროს თბილისის „დინამო“ კიდევ ორ მატჩს გამართავს: 29 ივნისს იურაი იარაბეკის გუნდი „მაქაბის“ (ჰაიფა) დაუპირისპირდება, ხოლო 4 ივლისს — კიევის „დინამოს“.
თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, სადაც სტარტს მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან აიღებს. თბილისური კლუბის მეტოქე სომხეთის გუნდი „ალაშკერტი“ იქნება.
პირველ მატჩს „დინამო“ თბილისში 12/13 ივლისს ჩაატარებს. საპასუხო თამაში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.