ევროპული ერთობის ბზარი...

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშირეფერენდუმი ბრიტანეთში
რეფერენდუმი ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთი ევროპულ ოჯახს ტოვებს... რეფერენდუმის შედეგები ცნობილია. პირველი შეფასებები და განცხადებები... თანამდებობას ტოვებს დევიდ ქემერონი! ევროპული ერთობის პერსპექტივა?!

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს! 

ციფრებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა, სულ რაღაც არასრული ოთხი პროცენტი, თუმცა რეფერენდუმის კითხვაზე ბრიტანელების პასუხი ორ მეტ-ნაკლებად თანაბარ ნაწილად რომ გაიყოფოდა იმთავითვე იყო ცნობილი… 51,9 პროცენტი მომხრე და 48,1წინააღმდეგი, ასეთია 23 ივნისს, ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო ოფიციალური შედეგები…

ახლა ანალიტიკოსები სხვა მრავალ საკითხთან ერთად რეფერენდუმის ე.წ „გეოგრაფიას“ აკვირდებიან. ქვეყნის ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის მეტი მხარდამჭერი ინგლისსა და უელსში დაფიქსირდა, საერთო ევროპულ ოჯახში დარჩენის მომხრეები ჭარბობდნენ ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

Кэмерон заявил, что новый премьер-министр должен быть определен к октябрю - Sputnik საქართველო
დევიდ კემერონი: ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა ოქტომბრისთვის უნდა იყოს გარკვეული

ევროპული ოჯახიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ ორმოცდაერთი წლის წინათ, 1975 წელს, ლეიბორისტი ჰაროლდ უილსონის პრემიერ-მინისტრობისას ჩატარდა, თუმცა მაშინ გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაჭირა ქვეყნის ევროგაერთიანებაში დარჩენას.

ამჯერად ისტორიული რეფერენდუმის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობას 2010 წლის 11 მაისიდან მეთაურობს. კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგების გაცხადებიდან მალევე მიიღო.

დევიდ ქემერონი: „ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, მათ სურვილს პატივს უნდა ვცემდეთ. ძალიან ვამაყობ, რომ ექვსი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენ ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბრისთვის უნდა გვყავდეს…“

სოსო ცინცაძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი: დიდმა ბრიტანეთმა კონტინენტს Goodbye უთხრა

დევიდ ქემერონის ამ ემოციური სიტყვების შემდეგ აქტუალურია კითხვა — ვინ იქნება ვესტმინსტერის სააბატოში მდებარე მთავრობის რეზიდენციის შემდეგი ბინადარი? თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია… ფაქტია, მიმდინარე წლის ოქტომბერი ჩვენი არ იყოს ნისლიან ალბიონზეც პოლიტიკურად მეტად აქტიური იქნება.

„ჩვენ გვაიმარჯვეთ მთელი ევროპის საკეთილდღეოდ, იმიტომ რომ ჩვენმა გამარჯვებამ შესაძლოა, ერთიანი ევროპის წარუმატებელი პროექტის მარცხი გამოიწვიოს…“, — ასე გამოეხმაურა რეფერენდუმის შედეგებს “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი. დიდი ბრიტანეთის ევროპული ოჯახიდან  გასვლის აქტიურმა მხარდამჭერმა. “ბრექსითის” მომხრეებს სიტყვით მიმართა.

ნაიჯელ ფარაჯი: „ჩვენ ტრანსნაციონალური კორპორაციების, მსხვილი ბანკების, დიდი პოლიტიკის, ტყუილისა და კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძოდით. დღეს, როგორც ჩანს, პატიოსნება, ღირსება და ქვეყნისადმი რწმენა იმარჯვებს. ჩვენ ეს ბრძოლისა და ტყვიის გასროლის გარეშე გავაკეთეთ. ჩვენ ამას ბევრი შრომის შედეგად მივაღწიეთ…“

პირველი შეფასებები კეთდება ქვეყნის გარეთ.

ბრიტანეთში რეფერენდუმი გაიმართა - Sputnik საქართველო
ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებით მსოფლიო შოკში ჩააგდო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი: „ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამდენად სერიოზული და დრამატულია ეს ამბავი პოლიტიკური თვალსაზრისით. რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება ამის პოლიტიკური შედეგები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. ეს ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ. დღეს შემიძლია განვაცხადო ევროკავშირის 27-ვე ლიდერის სახელით, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, 27 წევრის ერთობა შევინარჩუნოთ. მართალია, ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მამაჩემის სიტყვები: ის, რაც არ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის".

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი: „ჩვენ დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად ვართ, შესაბამისი მოლაპარაკებები ლონდონთან სწრაფად უნდა დაიწყოს…“

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: „ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ეს ახალ ფურცელს შლის ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგრამ ვიცი, რომ ნატო-სთან მიმართებაში გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უცვლელია. დიდი ბრიტანეთი ნატო-ს სანდო და ერთგულ მოკავშირედ დარჩება და ჩვენს ალიანსში წამყვანი როლის შესრულებას გააგრძელებს. ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ალიანსი არასტაბილური სამყაროს სტაბილურობის საყრდენად და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკვანძო ფაქტორად რჩება…“

რეფერენდუმი ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
მასმედია: ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლას ბრიტანელთა 52% უჭერს მხარს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი: „ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროპა, რომ ის გახდეს უფრო ჰუმანური და სამართლიანი, თუმცა ევროპა ჩვენი სახლია. ის ჩვენი მომავალია…”

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო:  „მჯერა, რომ რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი გაერთიანებულ ევროპაში დარჩება და საერთო ევროპულ ფასეულობებს დაიცავს… ევროპამ საერთო ენა უნდა გამონახოს ევროსკეპტიკოსებთან, იმისთვის რომ ევროკავშირის ოპონენტებსა და მათ სპონსორებს შანსი არ დაუტოვოს….“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ერომი: „ერთიანი ევროპა წინსვლას გააგრძელებს… მაგრამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ხალხის ნდობა დაიბრუნოს. ეს აუცილებელია…. ეს სამწუხარო ამბავია გაერთიანებული სამეფოსთვის…“

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „ამბები, რომელსაც ახლა დიდი ბრიტანეთიდან ვიგებთ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. ეს მწუხარე დღეა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის…“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი: „ეს ბრიტანელი ხალხის შიდა საქმეა. არსებობს რეფერენდუმის არითმეტიკული მონაცემები, ეს არის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნება. თავად განსაზღვრეთ…”

ლონდონი - Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმს ატარებს

სხვათა მაგალითი გადამდებიაო და ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი გერტ ვილდერსი ევროპულ ოჯახში ნიდერლანდების წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

გერტ ვილდერსი: „გაუმარჯოს ბრიტანეთს, ახლა ჩვენი ჯერია! მოვიდა დრო ნიდერლანდებში ჩავატაროთ რეფერენდუმი…“

საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი: „მე უკვე მრავალი წელია ვაცხადებ, რომ ანალოგიური რეფერენდუმი საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უნდა ჩავატაროთ…“

ექსპერტ-ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს საგრძნობი გავლენა ექონება პოლიტიკაზე და მნიშვნელოვნად შეცვლის ამჟამად არსებულ მდგომარეობას, კერძოდ დიდი ბრიტანეთის სახით აშშ დაკარგავს ევროგაერთიანებაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ერთგულ მოკავშირეს, ევროკავშირში კი გაძლიერდება გერმანიის როლი. ხოლო ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა შეარბილოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ…

25 ივნისს ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს. გარდა ამისა, ორშაბათს ბერლინში, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივით, შედგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, საფერანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის ერთობლივი შეხვედრა. ამის შესახებ თავად მერკელმა განაცხადა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს „ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი“ უწოდა..

საკამათო არ არ არის, ბევრი ითქვა და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ბევრი ითქმება. სიღრმისეული ანალიზისა და განსჯისათვის დრო ბევრია. ევროსკეპტიკოსებს და ევროოპტიმისტებს მიცემათ თავიანთი არგუმენტებით პაექრობის შესაძლებლობ… ამასობაში კი მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება… პოლიტიკური შეფასებები და განცხადებები კეთდება ჩვენშიც… ბუნებრივია ევროპისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის „ისტორიული რეფერენდუმის“ შედეგის შედეგებს მომავალში მრავალგზის დავუბრუნდებით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0