თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ქვეყნის მსხვილ კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის, თვლის პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმში ბარიერი გადალახეს და 16.7 მლნ ხმით გაიმარჯვეს.
„დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოს თითქმის ყველა დიდი კომპანია გამოდის, რადგან მათ ევროპის ბაზრის დაკარგვის ეშინიათ. ევროგაერთიანების დატოვების შემთხვევაში ინგლისს მის 27 წევრ სახელმწიფოსთან სათითაოდ მოუწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი ბიუროკრატიაა, მეორეს მხრივ კი, შესაძლოა, განაწყენებულმა ევროპელებმა საკუთარ ქვეყნებში ბრიტანული საქონელი მაინც და მაინც დიდი ხალისით არ შეუშვან. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანულ ბიზნესს გარკვეული პრობლემები შეექმნება“, — განაცხადა სოსო ცინცაძემ Sputnik-თან საუბრისას.
პოლიტოლოგის განმარტებით, ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, დატოვებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს, რადგან 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმი იურიდიული ვალდებულების მატარებელი არ არის, თუმცა უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის ნების იგნორირებას ვერ მოახდენს.
„ეს რეფერენდუმი კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს დემოკრატიულ ქვეყანაში წინასაარჩევნო დაპირება. კემერონი 2013 წელს დაპირდა ინგლისელებს, რომ 2017 წლის ბოლომდე ჩაატარებდა რეფერენდუმს. მართალია, მას კიდევ ჰქონდა დრო, მაგრამ საერთოდ არჩატარებას ამომრჩევლები მას არ აპატიებდნენ“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.
შედარებისთვის: ბრიტანეთის მიერ ევროგაერთიანების დატოვება დღეს იგივეა, რაც, მაგალითად, წინა საუკუნეში საბჭოთა კავშირიდან უკრაინის გასვლა იქნებოდა, მიაჩნია ცინცაძეს.
„ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ ბრიტანეთის ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა 90%-ით შეიძლება ითქვას, რომ კუნძულმა კონტინენტს Goodbye უთხრა“, — განაცხადა სოსო ცინცაძემ.
ევროკავშირიდან გასვლას ბრიტანელების დაახლოებით 52%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 48%.
ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირეს ქალაქებმა: ბირმინჰემმა, ბლექფულმა, დუვრმა, კენტერბერიმ, ლანკასტერმა, ნიუკასლმა, უელსმა და სხვ. თუმცა Brexit–ის მომხრეები ძირითადად მაინც სასოფლო–სამეურნეო რაიონების მოსახლეობა გამოდგა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან უკმაყოფილო ევროკავშირის პოლიტიკით. ასე რომ, ევროგაერთიანებაში დარჩენის მომხრეებს ისეთი მსხვილი ქალაქების მხარდაჭერამაც კი ვერ უშველა, როგორებიცაა: მანჩესტერი, ლივერპული, ოქსფორდი, კემბრიჯი, ლონდონის დიდი ნაწილი, ასევე შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია.