თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა. Brexit–ის (ინგლისური ნეოლოგიზმი, ნიშნავს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას — რედ.) ამგვარი მხარდაჭერა შეიძლება ერთადერთი სიტყვით შეფასდეს — შოკი, წერს საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".
ევროკავშირიდან გასვლას ბრიტანელების დაახლოებით 52%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 48%. ეს შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ახლოსაა წინასწარი გამოკითხვების შედეგებთან, მაინც ეწინააღმდეგება ექსპერტების, ბუკმეკერებისა და თავად Brexit–ის მომხრეების პროგნოზებს. ასეთ შედეგს ისინი იმის გამო არ ელოდნენ, რომ ერთნი ბრიტანელების კონსერვატიზმს იშველიებდნენ, სხვანი კი 2014 წელს შოტლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, როდესაც შოტლანდიელებმა საბოლოოდ მაინც სტატუს–კვოს დაუჭირეს მხარი.
ხმების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და ლონდონმა მხარი ევროკავშირში დარჩენას დაუჭირეს, ხოლო ინგლისმა და უელსმა – ქვეყნის ევროგაერთიანებიდან გასვლას.
ევროკავშირის დატოვებას ხმა მისცეს ქალაქებმა: ბირმინჰემმა, ბლექფულმა, დუვრმა, კენტერბერიმ, ლანკასტერმა, ნიუკასლმა, უელსმა და სხვ. თუმცა Brexit–ის მომხრეები ძირითადად მაინც სასოფლო–სამეურნეო რაიონების მოსახლეობა გამოდგა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან უკმაყოფილო ევროკავშირის პოლიტიკით.
ასე რომ, ევროგაერთიანებაში დარჩენის მომხრეებს ისეთი მსხვილი ქალაქების მხარდაჭერამაც კი ვერ უშველა, როგორებიცაა: მანჩესტერი, ლივერპული, ოქსფორდი, კემბრიჯი, ლონდონის დიდი ნაწილი და ასევე შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია.
დილა „ღრმად გახლეჩილ ქვეყანაში“
რეფერენდუმს არ აქვს იურიდიულად სავალდებულო ხასიათი, ანუ მთავრობასა და პრემიერ–მინისტრს თავისუფლად შეუძლიათ არ გაითვალისწინონ რეფერენდუმის შედეგები. თუმცა, რადგან დევიდ კემერონი თავად იყო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი, სავარაუდოდ, ამ შედეგების იგნორირება არ გამოუვა.
ახლა პოლიტოლოგების ნაწილი პრემიერს გადადგომას უწინასწარმეტყველებს, მიუხედავად მისი ადრინდელი განცხადებისა, რომ თანამდებობაზე ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება.
და, მაინც, რეფერენდუმის შედეგები დევიდ კემერონის პოლიტიკური კარიერისთვის მძიმე დარტყმაა, ვინაიდან სწორედ მან მოახმარა უზარმაზარი ძალისხმევა ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის კამპანიასა და დიდი ბრიტანეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის თაობაზე ევროპულ გაერთიანებასთან მოლაპარაკებების წარმოებას.
სამაგიეროდ ეს რეფერენდუმი შესაძლოა ახალ ეტაპად იქცეს ლონდონის ყოფილი მერის ბორის ჯონსონის კარიერაში, რომელიც Brexit–ის კამპანიას ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ჯონსონს ადრეც მოიხსენიებდნენ კემერონის მემკვიდრედ და ახლა, პრემიერზე გამარჯვების შემდეგ, ეს ვარიანტი სავსებით ლოგიკურად გამოიყურება. ამასთან, ჯონსონი იყო ერთ–ერთი იმ 80 კონსერვატორ–ევროსკეპტიკოს დეპუტატს შორის, რომლებმაც კემერონს, მიუხედავად რეფერენდუმის შედეგებისა, თანამდებობაზე დარჩენის თხოვნით მიმართეს.
„ჩვენ, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები და „კონსერვატული პარტიის“ წევრები, მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ საშუალება მიეცით ბრიტანელ ხალხს 23 ივნისს საკუთარი ბედი განსაზღვროს.
მიგვაჩნია, რომ, რაც უნდა გადაწყვიტოს ბრიტანელმა ხალხმა, თქვენ გაქვთ მანდატი და ვალდებულება, განაგრძოთ ქვეყნის მართვა და ხორცი შეასხათ 2015 წლის მანიფესტს“, — ნათქვამია პრემიერ–მინისტრისადმი დეპუტატთა წერილში.
რაც შეეხება დამოუკიდებლობის პარტიის (UKIP) ლიდერ ნაიჯელ ფარაჯს, მან კემერონს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან და პრემიერის სავარძელი ან ბორის ჯონსონს დაუთმოს, ან იუსტიციის მინისტრ მაიკლ ჰოუვს, ან კიდევ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლიამ ფოქსს.
„გუშინ დევიდ კემერონი კოჭლი იხვი იყო, დღეს კი უკვე მკვდარი იხვია“, — შენიშნა ლეიბორისტმა დეპუტატმა ჯონ მანმა.
რაც შეეხება ლიბერალ–დემოკრატების ლიდერ ტიმ ფერონს, მან ასე შეაფასა ვითარება: „დღეს ჩვენ ღრმად გახლეჩილ ქვეყანაში გავიღვიძეთ“.
უახლოესი წლები
ლონდონის იურიდიული ფირმა Bryan Cave–ის პარტნიორმა რობერტ ბელმა РИА Новости–ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი კიდევ ორი წელი იქნება და გარდამავალი პერიოდის გასვლამდე, ან ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერამდე გაერთიანების დატოვების ნებისმიერი მცდელობა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეფასდება.
„თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერს მხარს, მოკლევადიან პერსპექტივაში ბევრი არაფერი შეიცვლება. Brexit–ის მხარდამჭერების საუბრები ევროკავშირის კანონმდებლობიდან გასვლასა და ევროპული სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე, ნაადრევია“, — ხაზგასმით აღნიშნა ბელმა.
მან ისიც შეახსენა საზოგადოებას, რომ რომის შეთანხმების 50–ე ნორმის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა ჯერ განაცხადი უნდა წარადგინოს გაერთიანებიდან გასვლის თაობაზე.
„ამას მოჰყვება ორწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დიდ ბრიტანეთს გასვლის თაობაზე ხელშეკრულებაზე მსჯელობა და ასევე ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების პოტენციური გზების მონიშვნა შეუძლია. თუ ამისთვის მას უფრო მეტი დრო დასჭირდება, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის თანხმობით, ვადის გაგრძელება შესაძლებელია. თუმცა, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ვადა, სანამ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად“, — განმარტა ბელმა.
საინტერესო კიდევ ისაა, რომ 2017 წელს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის თავმჯდომარეობა უწევს.
დაშლის საფრთხე
გარდა არაერთი ეკონომიკური საფრთხისა — რამაც უკვე იჩინა თავი გირვანქა სტერლინგის კურსის რეკორდულ ვარდნაში — და ბუნდოვანი ბიზნეს–პერსპექტივებისა, ბრიტანელები, შესაძლოა, ქვეყნის გახლეჩის საშიშროების წინაშეც კი აღმოჩნდნენ. შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ, სადაც ისედაც საკმაოდ ძლიერია სეპარატისტული განწყობები, ღიად მიანიშნეს, რომ Brexit–ს არ შეეგუებიან.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სთერჯენმა პარასკევს, ადრე დილით გააკეთა კომენტარი რეფერენდუმის შედეგების თაობაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის მომხრე რეგიონებმა ნათლად დააფიქსირეს, რომ „შოტლანდიელი ხალხი საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს“.
ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესმა ნაციონალისტთა პარტიამ „შინ ფეინმა“ ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ახალი რეფერენდუმის ჩატარების წინაპირობად იქცევა, რომელზეც ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიასთან შეერთების საკითხი დადგება.
შემოწმების შესაძლებლობა
ორწლიანი ვადის გასვლისა და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ქვეყანამ უკვე შეძლება შეამოწმოს, რამდენად სამართლიანი იყო Brexit–ის მომხრეთა არგუმენტები.
ევროსკეპტიკოსების უმთავრესი არგუმენტები ქვეყნის ევროპული გაერთიანებიდან გასვლის სასარგებლოდ — ეს საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, მიგრანტთა ნაკადის შემცირება, ეკონომიკასა და სოციალურ სამსახურებზე კონტროლის აღდგენა და კვირაში 350 მლნ გირვანქა სტერლინგის დაზოგვაა. ამ თანხით კი, როგორც ამას კომპანია Vote Leave–ს პრეს-მდივანი პოლ სტივენსონი აცხადებს, „ყოველკვირა თითო საავადმყოფოს ყიდვაა შესაძლებელი“.
Brexit–ის მხარდამჭერები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი თავად შეძლებს მსოფლიოს ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებას.
და, ბოლოს, ევროსკეპტიკოსების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი არგუმენტი: ევროკავშირიდან გასვლა დიდ ბრიტანეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაქვემდებარებიდან გაიყვანს, რაც ბრიტანელ მოსამართლეებს რეალურად დამოუკიდებელს გახდის.
Brexit–ის მომხრეებმა წამოაყენეს წინადადება, რომ 23 ან 24 ივნისს დამოუკიდებლობის დღე ეწოდოს. თუმცა მხოლოდ დრო აჩვენებს, რა დაუჯდება დიდ ბრიტანეთს ეს დამოუკიდებლობა.