თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს დამფუძნელის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, რომლის დროს 600-მდე პირი დაიკითხა.
ოჯახის წევრების, ადვოკატების და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. გარდა ამისა, დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც აღბეჭდილია კიწმარიშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა მისი სატელეფონო ზარები.
შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის 14 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი მივიდა თბილისში მდებარე იარაღის მაღაზიაში მეგობარ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად, რომელსაც სურდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი.
მომდევნო დღეს კიწმარიშვილი ისევ ეწვია ამ მაღაზიას და შეიძინა CZ-75 სისტემის პისტოლეტი, რომელიც თავის სახელზე დაირეგისტრირა და დაბრუნდა საკუთარ სახლში. ამ დროს სახლში მისი მეუღლე ია კიწმარიშვილი იმყოფებოდა.
იას სახლიდან წასვლის შემდგომ, 15:05 საათზე, ეროსი ასევე გამოვიდა სახლიდან. 16 საათსა და 47 წუთზე კი, მისი გვამი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა აღმოაჩინეს მისი საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ავტოსადგომზე საკუთარ ავტომანქანაში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და მისი ადვოკატი, გამომძიებლებმა მანქანის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის ადგილზე აღმოაჩინეს ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტყვია მარჯვენა საფეთქლის მხრიდან შევიდა და თავის ქალის მარცხენა უკანა მხრიდან გამოვიდა. კიწმარიშვილს მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ჭრილის ანაბეჭდი და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად. მიღებული ჭრილობისგან სიკვდილი დადგა მომენტალურად.
კიწმარიშვილის ფეხებთან გამომძიებლებმა იპოვეს პისტოლეტი, რომელიც მან სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე შეიძინა. მასრა აღმოჩნდა სალონის უკანა მხარეს, ტყვია კი გაჭედილი იყო მანქანის მარცხენა საყრდენში.
გამომძიებლებმა ასევე შეისწავლეს ავტომანქანის სალონში არსებული სისხლის შხეფები, რომლებიც მხოლოდ კიწმარიშვილს ეკუთვნოდა. მანქანის სალონში აღმოჩენილი მიკრონაწილაკები ასევე კიწმარიშვილს ეკუთვნოდა.
ექსპერტების მიერ დამუშავდა ეროსი კიწმარიშვილის ტანისამოსიდან და ორივე ხელის მტევნიდან აღებული დენთის კვლები, რის შედეგად კი დადგინდა, რომ კიწმარიშვილს სროლის დროს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამას მოწმობს ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც.
გამოძიების მსვლელობისას ასევე გაიშიფრა ყველა ვიდეოკამერა, მათ შორის ავტოფარეხის შესასვლელის მიმართულებით განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვალების დღეს 17:00 საათამდე დროის შუალედში ავტოფარეხში შევიდა 10 ავტომანქანა და ორი ფეხით მოსიარულე პირი.
ყველა მათგანი დაკითხულია და დადგინდა, რომ მათ კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი არ აქვთ. ესენი იყვნენ გარდაცვლილის მეზობლები და მათი მომსახურე პერსონალი.
გარდა ამისა, ზურაბ კიწმარიშვილის და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, დაღუპულის ავტომობილში ჩატარდა რამოდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი.
ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მიკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა.
გამოძიების პროცესში დაიკითხა ეროს კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი: მეუღლე, ძმა და შვილები. გამომძიებლებმა შეიწავლეს ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა და დაადგინეს, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ჰქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა დადგინდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი იპოთეკით იყო დატვირთული, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა ფინანსური შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად.
საქართველოს პროკურატურამ ყურადღება იმ გარემოებასაც მიაქცია, რომ ეროს კიწმარიშვილი საუბრების დროს, რომლებიც მის კომპიუტერში ინახებოდა, ახსენებდა ფინანსურ პრობლემებს, რომლებსაც ვეღარ უმკლავდებოდა.
აქედან გამომდინარე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ ეროს კიწმარიშვილმა თავი ვალების გამო მოიკლა.
გამოძიება, რომელიც 2014 წელს მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ აღიძრა, შეწყვეტილია.