ადვოკატი: კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ყოვნდება

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროსი კიწმარიშვილი ქალაქ რუსთავის მერობის კანდიდატი იყო. იგი 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და პირველივე ტურში დამარცხდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ კიწმარიშვილი ახალი ტელეკომპანიის შექმნას აპირებდა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი საინტერესო დეტალები გაჩნდა, მაგრამ საგამოძიებო ღონისძიებები დროულად არ ტარდება, ამტკიცებს ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი. 

ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, 2014 წლის 15 ივლისს აღმოაჩინეს თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, საკუთარ ავტომობილში, საჭესთან. იქვე იდო იარაღი, რომელიც სწორედ იმ დღეს იყო მის სახელზე დარეგისტრირებული. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა – აღიძრა. 

„ჩვენ, ადვოკატებს, არ გვაქვს იმის განცდა, რომ საგამოძიებო ღონისძიებები ეფექტურია, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეფექტურობა – ეს დროული გამოძიებაა“, – განაცხადა მოსიაშვილმა პარასკევს, 3 ივლისს. 

ამასთან მან აღნიშნა, რომ ადვოკატები და საგამოძიებო ორგანოები განაგრძობენ თანამშრომლობას, რაც დიდი პლიუსია. 

„ვადასტურებ, რომ საქმეში საინტერესო დეტალები გაჩნდა. რაც შეეხება იმას, თუ რა დეტალები მაქვს მხედველობაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემაზე დუმილის უფლებას გამოვიყენებ“, – აღნიშნა მოსიაშვილმა. 

ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთანავე მოითხოვა მისთვის გადაკვალიფიცირება, მაგრამ პროკურატურა დღემდე პირვანდელ ვერსიას — ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა –მისდევს. 

ეროსი კიწმარიშვილის ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც მასთან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ურთიერთობდნენ, ამტკიცებენ, რომ ის კარგ განწყობაზე იყო, უახლოეს მომავალს გეგმავდა და არანაირად არ შეიძლებოდა, რომ თავი მოეკლა. 

ეროსი კიწმარიშვილი ქალაქ რუსთავის მერობის კანდიდატი იყო. იგი 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და პირველივე ტურში დამარცხდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ კიწმარიშვილი ახალი ტელეკომპანიის შექმნას აპირებდა. 

ყველა ახალი ამბავი
0