ეკატერინე მიქარიძე
ალექსანდრე მანთაშევი დღეს რომ დაბადებულიყო, ნაღდი „მაჟორი“ იქნებოდა, ის შთამომავლობით მდიდარი ვაჭრის ქონებისა და ფულების ერთადერთი მემკვიდრე გახლდათ.
ყველაფერი ისე ჰქონდა, როგორც თანამედროვე „ოქროს ახალგაზრდობას“ აქვს — დაწყებული ოჯახურ ბიზნესში ჩართვით, გაგრძელებული სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნით და დასრულებული ევროპაში მოგზაურობითა თუ მაღალი წრის მიღება–წვეულებებზე დროსტარებით.
მოგვიანებით, როცა მანთაშევი პარიზში იოანე ნათლისმცემლის სახელზე ტაძარს ააგებს, იტყვის, ყველაზე მეტი ამ ქალაქში შევცოდეო…
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ იყო…
„მაჟორი“ კი არა, დირიჟორი
იმ დროის ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს, ტფილისური იპოდრომების მფლობელ მანთაშევს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუთარი ეკიპაჟი არ ჰყავდა — ან ფეხით დადიოდა, ან ტრამვაით მგზავრობდა. თუ რეალურ სასწავლებელთან მოხვდებოდა, გამორჩეულად ღარიბულად ჩაცმულ მოსწავლესთან მიდიოდა, ესალმებოდა და საუბარს უბამდა. მერე ფრთხილად, ისე რომ ყმაწვილს არ შემჩნია, ჯიბეში ფულს უდებდა.
ნავთობის მომავალი მაგნატი ტფილისელი იყო — აქ დაიბადა 1842 წელს. ბავშვობა თავრიზში გაატარა მამასთან ერთად, რომელიც იქ ფართლეულით ვაჭრობდა. აი, საქმის წარმოება და, როგორც ახლა იტყვიან, ბიზნეს–კულტურა კი ინგლისში შეისწავლა.
ალექსანდრე 27 წლისა იყო, როცა მანჩესტერში ჩავიდა — ბამბეულისა და საფეიქრო მანუფაქტურების ცენტრში, და იქიდან ამარაგებდა მამას საქონლით. ინგლისში სამი წელი დაჰყო.
მანთაშევი მეტად ნიჭიერი გახლდათ და იმ სამ წელიწადში სამი ენა შეისწავლა: ინგლისური, ფრანგული და გერმანული. ახლა უკვე ექვსი ენა იცოდა, იმიტომ რომ მანამდე ქართულად, სომხურად და რუსულად თავისუფლად ლაპარაკობდა.
სამი წლის შემდეგ ბიზნესში განსწავლული და ევროპულად „დახვეწილ–დავარცხნილი“ მანთაშევი სპარსეთში დაბრუნდა. მერე კი მამასთან ერთად, რომელმაც თავრიზში ყველა საქმე დახურა, ტფილისში გამოემგზავრა.
მანთაშევებმა სწორედ აქ, ერივანსკის მოედანზე მდებარე სასტუმრო „კავკაზის“ პირველ სართულზე გახსნეს ქსოვილების მაღაზია. როგორც ჩანს, მამა–შვილს საქმე კარგად წაუვიდა, ვინაიდან მალე პირველს მეორე მაღაზიაც მიაყოლეს და საცალო ვაჭრობიდან საბითუმოზე გადავიდნენ.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ მანთაშევების მთელი ქონება, იმ დროისთვის სოლიდური კაპიტალი — 200 ათასი მანეთი, ახალგაზრდა ალექსანდრეს ხელში აღმოჩნდა, ვინაიდან ერთადერთი მემკვიდრე იყო. მასაც ბევრი არ უფიქრია, ამ ფულით ტფილისის კომერციული ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი იყიდა და მთავარ აქციონერად იქცა. ცოტა ხნის მერე კი ბანკის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარეც გახდა — სიცოცხლის ბოლომდე.
ტფილისის კომერციული ბანკი იმ დროისთვის ყველაზე ავტორიტეტული იყო მთელ კავკასიაში და მისი აქციები სანქტ–პეტერბურგის ბირჟაზე იყო კოტირებული. მანთაშევის გათვლა სწორი გამოდგა. მალე მისი ქონება ერთიორად გაიზარდა და 1890 წლისთვის უკვე პირველი გილდიის ვაჭარი და ქალაქის სათათბიროს სპიკერიც იყო.
ასეთი მიღწევების შემდეგ მის ადგილზე ნებისმიერი სხვა ყველაფერს თავს მიანებებდა და თავის გემოზე იცხოვრებდა, მაგრამ მანთაშევი „ნებისმიერი“ არ იყო.
პირიქით, ბუნებით ავანტიურისტმა, ახლა სანავთობე ბიზნესში ჩართვა მოიწადინა. ამის შესაძლებლობაც მალე მიეცა. ერთ დღეს მისი ძველი მეგობარი მიქაელ არამიანცი ჩამოვიდა ბაქოდან ტფილისში კომპანიონების თანხლებით, რათა ნავთობის ცისტერნა–ვაგონების შესაძენად კრედიტი აეღო. სხვა ვისთან მივიდოდა, თუ არა მანთაშევთან? იმანაც, რაღა თქმა უნდა, კრედიტიც მისცა და ზემოდან საკუთარი 50 ათასიც დაუმატა იმ პირობით, რომ წილში შეიყვანდნენ და კომპანიონად აქცევდნენ…
მალე ქალაქში ახალი საფირმო ნიშანი გაჩნდა: „ა.ი. მანთაშევის სავაჭრო სახლი“, რომლის „კვარტეტსაც“ ალექსანდრე დირიჟორობდა.
ასეთი იყო — ყველგან და ყველაფერში პირველობა უყვარდა…
ბედის წყალობა
მანთაშევი ისეთი ყისმათისა იყო, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. ამ ახალ წამოწყებასაც აზარტით მიუდგა, რისკზე წავიდა და კიდეც მოიგო. ეტყობა, ბუნებამ დაანათლა ასე: ყველაფერში გამართლებოდა.
ალექსანდრემ წამგებიანი ჭაბურღილები იყიდა, მივიდა, მიიხედ–მოიხედა, იქაურობა კარგად დაათვალიერა, მიწა ხელით მოსინჯა, დაყნოსა, მერე უცბად ერთ ადგილს ხელჯოხი დაარჭო და თქვა: „აი აქ!“ და ისევ გაუმართლა. ნავთობმა შადრევანივით ამოხეთქა.
მანთაშევი კიდევ ერთხელ მიენდო საკუთარ ინტუიციას — რომელიც არასდროს ღალატობდა — და კოლოსალური შემოსავალიც ნიაღვარივით წამოვიდა.
მერე ბაქოში ნავთობის ნავთად და საპოხ მასალებად გადამამუშავებელი ქარხნებიც ააგო, ნავმისადგომიც და ხომალდებზე ნავთობისა და მაზუთის გადასაქაჩი ელევატორიც. მე–20 საუკუნის დასაწყისისთვის მანთაშევის ბაქოს ნავთობმომპოვებელი კომპანია მხოლოდ ძმები ნობელების კომპანიასა (სადაც ასევე ჰქონდა წილი) და როტშილდების „კავკასიურ–შავი ზღვის საზოგადოებას“ თუ ჩამორჩებოდა.
სწორედ მანთაშევმა გაიყვანა მსოფლიოში პირველი, 835 კილომეტრი სიგრძის ნათობსადენი ბაქო–ბათუმი.
მაგრამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა ტფილისელმა მილიონერმა იმ თავისი მილიონებით კი არ მოიპოვა, არამედ მშობლიური ქალაქისა და თანაქალაქელებისადმი — ტფილისისა და ტფილისელებისადმი დამოკიდებულებით. სწორედ ამით იქცა სიცოცხლეშივე ლეგენდად.
ალექსანდრე მანთაშევმა იმდენი რამ ააშენა, შექმნა და გააკეთა ქვეყანაში და ქალაქში, რომ ჩამოთვლაც კი ძნელია.
მისი ნაწილობრივი დაფინანსებით აიგო დღევანდელი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობა, სავაჭრო სკოლა (ახლა 43–ე საჯარო სკოლა), ის აფინანსებდა კავკასიაში ყველაზე დიდ ობოლთა თავშესაფარს, ააგო უსინათლო ბავშვთა სკოლა და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მათზე, ააშენა არაერთი საშემოსავლო სახლი ახლანდელი ტაბიძის, აღმაშენებლის ქუჩებზე და საცხენეები დიდუბეში…
მერე სოლოლაკში მდებარე საკუთარი სახლიდან დიდუბის საცხენეებამდე პირველი სატელეფონო კაბელი გააჭიმინა, რითიც საფუძველი ჩაუყარა ქალაქის ტელეფონიზაციას…
ალექსანდრე მანთაშევი 1911 წელს გარდაიცვალა სანქტ–პეტერბურგში. ხუთი დღის შემდეგ მისი ცხედარი საყვარელ ტფილისში გადმოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ვანქის ეკლესიის საოჯახო აკლდამაში, რომელიც მისივე ფულით იყო აღდგენილ–განახლებული.
მემკვიდრეები
ალექსანდრე მანთაშევს ოთხი ვაჟი ჰყავდა. ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოთხივე საზღვარგარეთ გაიქცა. ახლა მათი შთამომავლები ლამის მთელ მსოფლიოში არიან განფენილები. თბილისს მხოლოდ მისი შორეული ნათესავები შემორჩნენ.
„კი ვიცოდით, რომ ნათესავად ვერგებოდით, მაგრამ ოჯახში მანთაშევთან ნათესაობის თემაზე არასდროს გვილაპარაკია“, — ამბობს ალექსანდრეს შვილთაშვილი თამარა მანთაშევა.
ის კი არა, ერთხელ ვიღაცას დაურეკავს მათთან და უკითხავს, ალექსანდრე მანთაშევი თქვენი ნათესავები ხომ არ იყოო, რაზეც თამარას მამას უპასუხნია, არა, უბრალოდ მოგვარეები ვართო.
ეს იმიტომ, რომ კომუნისტური ხელისუფლებისა ეშინოდათ, რომელიც მარტო ნათესაობის გამოც კი გადაასახლებდა მთელ ოჯახს.
ალექსანდრე მანთაშევის პირდაპირი მემკვიდრე, შვილიშვილი, საფრანგეთში ცხოვრობს და ბაბუის სეხნიაა. ერთ–ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ მამამისი იოსები და ბიძა ლევონი საფრანგეთში სოციალისტური რევოლუციის შემდეგ გაიქცნენ (როგორც ეგონათ, დროებით, აუცილებლად აპირებდნენ სამშობლოში დაბრუნებას), სადაც დიდი გაჭირვება გამოიარეს, როცა საარსებო თანხა შემოაკლდათ.
რა უცნაურია და ცვალებადი ცხოვრება… კაცი დღეს ფუფუნებისა და სიმდიდრის განსახიერება შეიძლება იყო, ხვალ კი უცბად მძღოლად იქცე და იქით მოემსახურო ვინმეს; ხოლო ისინი, ვინც შენთან შორიდან ნაცნობობასაც კი პატივად მიიჩნევდნენ, ზედაც აღარ შემოგხედავენ.
ალექსანდრე მანთაშევს სულ ეშინოდა, შვილები მფლანგველები არ გამოსულიყვნენ და ამიტომ მკაცრად ზრდიდა. შვილიშვილმა მამის ნაამბობი გაიხსენა, სტუდენტობისას თვეში მხოლოდ 30 მანეთს გვაძლევდაო.
იმათაც, რაღა თქმა უნდა, არ ჰყოფნიდათ ეს თანხა და ნაცნობებისგან გამუდმებით ვალად თხოულობდნენ. აძლევდნენ კიდეც. მილიონერის შვილებს ფულს ვინ დაუკავებდა…
კაცმა, რომელმაც სავაჭრო სასწავლებელიც დააარსა და 200–ზე მეტ სტუდენტსაც თავად უხდიდა სწავლის ქირას, საკუთარ შვილებს ფინანსური საქმიანობა ვერ ასწავლა… გამონაკლისი იყო ლევონი, რომელშიც მამა ფინანსისტის უნარებს სცნობდა.
სხვათა შორის, არც თავად ალექსანდრე გამოირჩეოდა პრაგმატულობით, მაგრამ იღბალი სწყალობდა და ფულის შოვნაც იცოდა. ამიტომ ისევე იოლად ხარჯავდა ფულს, როგორც შოულობდა. მის გულუხვობასა და ხელგაშლილობაზე ლეგენდები იქმნებოდა — უშურველი მხარჯველი ყოფილა. ეტყობა ფიქრობდა, რომ სულ ასე იქნებოდა.
მილიონები
ალექსანდრეს სხვა მემკვიდრეებიც ჰყავს. ლევონის შვილთაშვილი ნინა ამერიკაში ცხოვრობს და არაერთი წიგნი აქვს გამოცემული დიდ ბაბუაზე…
ჰო, სხვათა შორის, ამტკიცებს, რომ შვეიცარიის ბანკებში ბაბუის დანატოვარი… 300 მილიონი დოლარი დევს, ხოლო ამერიკის ბანკებში — დაახლოებით 30 მილიონი.
არავინ იცის, მართლაც დევს სადღაც, რომელიღაც ანგარიშებზე მანთაშევისეული მილიონები თუ ეს უბრალოდ ლეგენდაა… თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ამბავი მართალიც რომ იყოს, ალექსანდრეს ვერც ერთი მემკვიდრე მაინც ვერ მიიღებდა ბაბუის დანატოვარ უზარმაზარ ქონებას, რადგან, ტფილისელი მაგნატის ანდერძის მიხედვით, ფული მხოლოდ იმას უნდა რგებოდა, ვინც გრიგორიანული აღმსარებლობის სომეხ ქალს შეირთავდა ცოლად.
ალექსანდრეს ოთხი ვაჟიდან კი ოთხივე სიყვარულით დაქორწინდა და მემკვიდრეობის მიღების შანსიც სამუდამოდ დაკარგეს.