მეცენატისა და ნავთობის მაგნატის ალექსანდრე მანთაშოვის დაბადების დღე ხუთშაბათს საღვთო ლიტურგიითა და ძეგლის გვირგვინის შემკობით აღნიშნეს, წერს „Sputnik არმენია“.
შეკრებილებმა, რომელთა შორის ძირითადად სომხეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის წევრები იყვნენ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ უკვე ორი კვირაა, რაც მთავრობას თხოვნით მიმართეს, რომ დიდი წინამორბედის — ალექსანდრე მანთაშოვის საპატივსაცემოდ 3 მარტი მეწარმეთა და ქველმოქმედთა დღედ გამოცხადდეს.
„ხალხს გმირი უნდა ჰყავდეს, რომელიც მისთვის მისაბაძი და სამაგალითო იქნება და ასეთი სიმბოლოა მანთაშიანცი. მან ყველა სომეხს მნიშვნელოვანი მაგალითი მისცა — იყო ის, ვინც ხარ და პირველ რიგში საკუთარ გენებზე იფიქრო“, — აღნიშნა მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე კაზარიანმა და დასძინა, რომ მათი მოთხოვნა ორი თვის განმავლობაში უნდა განიხილონ.
სომეხი მეწარმის მსოფლიო წვლილმა გულგრილი არც მისი თანამემამულე ქართველები დატოვა. ამის შესახებ „Sputnik არმენიას“ სომხეთში უდიდესი სატრანსპორტო-საექსპედიციო კომპანია „აპავენის“ დირექტორმა გაგიკ აგაჯანიანმა განუცხადა.
„ოთხი წლის წინ თბილისში, როდესაც მანთაშოვის ძეგლი-ბიუსტის დადგმას ვგეგმავდით, პარალელურად დიდი თბილისელი სომეხის შესახებ ფილმს იღებდნენ. თბილისის მაშინდელ მერს გიგი უგულავას ინტერვიუ ვთხოვე. ის დამთანხმდა და, ჩემდა გასაკვირად, მანთაშოვის მიმართ მადლიერება და აღტაცება გამოხატა“, — განაცხადა აგაჯანიანმა.
ფილმში უგულავამ ბევრ უცნობ ფაქტზე ისაუბრა, კერძოდ, მოგვითხრო, რომ, მაგალითად, თბილისში პირველი სატელეფონო კავშირის დამყარება ვაკის რაიონსა და ქალაქის ცენტრს შორის, მანთაშოვის ინიციატივა იყო.
„ეს იმ დროისთვის ნოუ-ჰაუ იყო. ის არა მარტო თავისი დროის დიდი პიროვნება, არამედ მომავლის ადამიანიც იყო. როდესაც მერთან მანთაშოვზე ვლაპარაკობდით, უგულავამ ცოტა გვისაყვედურა კიდეც: რატომ სწორედ მანთაშოვი? რატომ არ იხსენებთ პიტოევს, არამიანცს?..“ — იხსენებს აგაჯანიანი.
ის აღნიშნავს, რომ მანთაშოვმა, რომელიც სომეხი იყო, თბილისში დიდი კვალი დატოვა, რად დღემდე ყველას ანცვიფრებს.
მას ტყუილად არ უწოდებდნენ ნავთობის მაგნატს, სწორედ მან ააშენა 1907 წელს მსოფლიოში პირველი, 835 კილომეტრი სიგრძის ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი.
მანთაშოვის საქმიანობა მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლებოდა. ის ასევე დიდი ქველმოქმედი იყო. 1905 წელს ის რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს ეხმარებოდა. მისი საქმიანობის კვალი მარსელიდან შორეულ აღმოსავლეთამდე მიდის. კერძოდ, მისი ძალისხმევით აშენდა პარიზში სომხური ეკლესია.
მანთაშოვზე დიდხანს და ბევრის დაწერა შეიძლება, ის ხომ განუმეორებელი ეპოქაა. მანთაშოვი ხშირად, თბილისის ქუჩებში სეირნობისას, გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს ფულს ურიგებდა.
მანთაშოვი ეკითხებოდა: „როგორ არის მამაშენი? აუცილებლად მომიკითხე“ და ამ დროს ბავშვს ჯიბეში ფრთხილად უგდებდა ოქროს ფულს, რათა ის არ გაენაწყენებინა.