თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. სომხებმა საქართველოში დიდი ხნის წინ მოიკიდეს ფეხი და ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. სომეხთა მასიური გადმოსახლება საქართველოში ჯერ კიდევ დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის დროს დაიწყო. სომხებს საქართველოსთან აკავშირებთ არა მხოლოდ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლე დიდი თემი, არამედ ნათესავური კავშირებიც, — წერს Sputnik სომხეთი.
სომხები არ ივიწყებენ თავისიანებს და შეძლებისდაგვარად განაგრძობენ წინაპართა ღირსეულ საქმეს.
ამ მიზნით ამ დღეებში ბათუმში, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიასთან არსებული, ალექსანდრე მანთაშოვის სახელობის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა. სომხური კულტურის ცენტრ „აიართუნის“ დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა Sputnik–ს უამბო, როგორ და რა მიზნით დაარსდა ცენტრი.
„ცენტრის გახსნის იდეა ყოველთვის არსებობდა, იმიტომ, რომ აქამდე ბათუმში ასეთ ცენტრი არ არსებობდა. ბათუმის თემის ამჟამად გახსნილი ანკლავის ყველა ფუნქციას მანამდე მე–19 საუკუნის ბოლოს აშენებული ეკლესია „სურბ ფრკიჩი“ ასრულებდა. ძალიან ბევრი მეცადინეობა ტარდებოდა ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის ფარგლებში, რითაც ხელი ეშლებოდა როგორც ყოველდღიურ წირვას, ისე საკვირაო სკოლის მუშაობას. ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წყალობითა და სომხეთის დიასპორის სამინისტროს ხელშეწყობით, ბოლოს და ბოლოს, შევძელით ცენტრის გახსნა“, — თქვა ლევონ ჩიდილიანმა.
ცენტრისთვის შემთხვევით არ უწოდებიათ საქართველოში დაბადებული ცნობილი სომხის, ნავთობის უმსხვილესი მაგნატისა და ფილანტროპ ალექსანდრე მანთაშოვის სახელი. მიუხედავად იმისა, რომ მანთაშოვი თბილისში იყო დაბადებული, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმში: 1907 წელს მსოფლიოში პირველმა გაიყვანა 835 კილომეტრიანი ნავთობსადენი ბაქო– ბათუმი. იმ დროისთვის მას უკვე ეკუთვნოდა ფოლადისა და ხის კასრების დამამზადებელი ქარხანა ბათუმში, ნავთისა და საპოხი მასალების საწყობები, ნავთობის საქაჩი სადგური და ბათუმის ერთ–ერთი პორტი. მანთაშოვმა წვლილი შეიტანა „სურბ ფრკიჩის“ ეკლესიის მშენებლობაშიც.
„მანთაშოვის პოპულარიზაცია აუცილებელია. ის, როგორც ფილანტროპი, არაერთ სომეხს დაეხმარა განათლების მიღებაში, ხელს უწყობდა სომხური თემის განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ ის ბევრი სომხისთვის იქცევა მისაბაძ მაგალითად“, — მიაჩნია ჩიდილიანს.
ახლად გახსნილი ცენტრი ბათუმელი 6 ათასი სომხისთვის ნამდვილ კულტურულ–საგანმანათლებლო სამყაროდ იქცა. მუშაობს ცენტრთან არსებული წმ. გრიგოლის სახელობის საბავშვო ბაღი, წმ. მესროპ მაშტოცის სახელობის სომხური ენის შემსწავლელი სკოლა, ახალგაზრდული გაერთიანება „მერ აფაგანი“ („ჩვენი მომავალი), თეატრალური, მხატვრული კითხვისა და სიმღერის წრე „ახბიური“ („წყაროსთვალი“) და ცეკვის წრე „ჰეგნარი“.
„თემში დიდი პრობლემა გვაქვს. სომხების დიდი ნაწილი კარგადაა ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში და მშობლიური ენა არ იცის. ვფიქრობ, ეს ცენტრი ხელს შეუწყობს სომხური ენის შესწავლასა და სომხური კულტურის პოპულარიზაციას დასავლეთ საქართველოში“, — განაცხადა ჩიდილიანმა.
სომხების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იკლებს, დარჩენილები კი ყველანაირად ცდილობენ, შეინარჩუნონ ის, რაც გადარჩა. დრო ერთ ადგილზე არ დგას და საუკუნეების მანძილზე შექმნილი, საქართველოში მარცვალ–მარცვალ მოძებნილ–შეგროვებული სომხური მემკვიდრეობაც ქრება. და მხოლოდ ბანალური ჭეშმარიტება „ძალა ერთობაშია“ გადაარჩენს არა მხოლოდ სომხურ კულტურას საქართველოში, არამედ ზოგადად სომხობას.