დიდი ადამიანები საქართველოში: ძმები ნობელები

ძმები ნობელები
ძმები ნობელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძმებ ნობელებს ბათუმის შესასვლელთან სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდათ. სახლი დღემდეა შემორჩენილი. 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იქ ძმები ნობელების მუზეუმი გაიხსნა.

ბესიკ ფიფია, 9 ოქტომბერი – Sputnik 

ძმებ ლუდვიგ და რობერტ ნობელებს, წარმომავლობით შვედებს, პეტერბურგში ქარხანა ჰქონდათ, რომელიც სამხედრო დაკვეთებს ასრულებდა: მასრებს,  ქვემეხების ლულებსა და ლაფეტებს, თოფებს ამზადებდნენ. თოფის კონდახებისთვის ხის მასალა უცხოეთიდან ჩამოჰქონდათ. უცხოეთზე დამოკიდებულებისგან თავდასაღწევად და პროდუქციის გაიაფების მიზნით, 1873 წელს რობერტ ნობელი კავკასიაში იაფი რესურსების მოსაძიებლად გაემგზავრა.  და მან იქ, აფშერონის ნახევარკუნძულის უკაცრიელ ნაპირებზე, პირველად თავის ცხოვრებაში, დაინახა, როგორ ამოდის პირდაპირ მიწიდან მუქი, ზეთოვანი სითხის ნაკადულები.

© ბესიკ ფიფიანობელების მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი ბათუმში
ნობელების მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი ბათუმში - Sputnik საქართველო
ნობელების მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი ბათუმში

რობერტ ნობელი უმალვე მიხვდა, თუ რა სიმდიდრეს ინახავდა ეს კუთხე. აღელვებული სასწრაფოდ ნევის ნაპირებისკენ გაემგზავრა. ხანგრძლივი  თათბირის შემდეგ, ძმებთან — ლუდვიგთან და ალფრედთან ერთად (რომელმაც შემდეგ ნობელის პრემია დააწესა) იგი 1875 წელს ბაქოში დაბრუნდა და იქ ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების სანავთობო კომპანიის შექმნა დაიწყო, რომელიც შემდეგ რუსეთის იმპერიაში ყველაზე მსხვილი კომპანია გახდა. დაარსდა "ძმები ნობელების ნავთობის წარმოების ამხანაგობა". 

 ამხანაგობის დამფუძნებლები იყვნენ ლუდვიგი, რობერტი და ალფრედი.

მათ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება კასპიის ნახშირწყალბადების ევროპაში ექსპორტირების შესახებ. განიხილეს სატრანზიტო გზების რამდენიმე ვარიანტი, შეთანხმდნენ ლუდვიგის არჩეულ მარშრუტზე: ბაქო-თბილისი-ბათუმი.

© სერგეი პროკუდინ-გორსკინობელების დასახლება ბათუმში, 1909-1915 წ.
ნობელების დასახლება ბათუმში, 1909-1915 წ.  - Sputnik საქართველო
ნობელების დასახლება ბათუმში, 1909-1915 წ.

აი, რას სწერდა ლუდვიგი ბაქოდან პეტერბურგში ძმებს, როდესაც საკუთარ წინადადებას ასაბუთებდა:

"ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირების ყველა შესაძლო მარშრუტს შორის, რეკომენდაციას გაძლევთ, აირჩიოთ მარშრუტი, რომელიც  საქართველოზე გადის, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას შორის, ტერიტორიული სიახლოვის გარდა, გაითვალისწინეთ მეგობრობისა და ერთმანეთისადმი ერთგულების სრულიად განუმეორებელი გრძნობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის. ჩვენთვის, უცხოელებისთვის, ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა დანარჩენი მარშრუტი დაკავშირებულია გაცილებით უფრო დიდ რისკებთან, ვინაიდან არსად არ არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორც ბაქოსა და თბილისში. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სწორედ ეს მარშრუტი უნდა ავირჩიოთ".

ძმებმა ნობელებმა ბათუმში ნავთობტერმინალი ააგეს; ზღვის პირას უზარმაზარი ფოლადის რეზერვუარები აღიმართა. მათი მონაწილეობით მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები რკინიგზის ხაზზე ბაქო-თბილისი-ბათუმი. ააშენეს 835 კილომეტრი სიგრძის ნავთობსადენი; ნავთობსადენის ტრასაზე 16 სატუმბი სადგური იყო. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ხელით წარმოებდა, მილებს ერთმანეთთან ხრახნიანი ქუროებით აერთებდნენ და მათ ანტიკოროზიული იზოლაციით ფარავდნენ. ტრასის გასწვრივ სატელეფონო კავშირიც გაიყვანეს. მილსადენის ყველა ნაგებობა იმ დროისთვის მაღალტექნიკურ დონეზე შესრულდა, ხოლო თავად მილსადენი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იყო მსოფლიოში. მდინარე მტკვრის გადაკვეთის დროს მილსადენი რკინიგზის ხიდზე ჩამოკიდეს. სადენის გაყვანის კიდევ ერთი თავისებურება სურამის ოთხკილომეტრიან გვირაბში მისი გაყვანა იყო. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 900 ათას ტონას შეადგენდა. 

ძმებ ნობელებს ბათუმის შესასვლელთან სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდათ. სახლი დღემდეა შემორჩენილი. 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იქ ძმები ნობელების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის ექსპონატები ნობელების საქმიანობის შესახებ მოგვითხრობენ, რაც ბათუმში ტექნოლოგიების განვითარებასთან და მის საპორტო ქალაქად ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული.

© ბესიკ ფიფიაძმებ ნობელების სახლი ბათუმთან
ძმებ ნობელების სახლი ბათუმთან - Sputnik საქართველო
ძმებ ნობელების სახლი ბათუმთან

ავტორი – ბესიკ ფიფია, Sputnik Грузия

ნაწყვეტი ნარკვევიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0