თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში სისხლის უანგარო დონორებს ისინი ჭარბობენ, ვინც ამას ფულის გამო აკეთებს, განაცხადა Sputnik-თან ინტერვიუში ექიმმა–ტრანსფუზიოლოგმა მაია გოგიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 2005 წელს სისხლის დონორის დღედ 14 ივნისი დააწესა — კარლ ლანდშტაინერის დაბადების დღე, ექიმისა, რომელმაც სისხლის ჯგუფები აღმოაჩინა. ამ წლის კამპანიის თემაა „მადლობა ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის“.
„არსებობს სისხლის დონორების ორი კატეგორია: ფასიანი და უფასო. გულახდილად რომ ვთქვათ, სისხლის ბანკში უმთავრესად ფასიანი დონორები მოდიან. თუმცა ბოლო დროს ახალგაზრდობა ძალიან გააქტიურდა. ამასთან, სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებიც უსასყიდლოდ აბარებენ სისხლს წელიწადში ორჯერ“, — აღნიშნა მაია გოგიამ.
სისხლის ბანკი დონორებს 450 მილილიტრ სისხლში 30 ლარს უხდის.
დღეს თბილისის სისხლის ბანკში დეფიციტი არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია მისი გამუდმებული შევსება მარაგით, რათა პაციენტს დაუყოვნებელი დახმარება გაეწიოს.
თუმცა დეფიციტი არსებობს სისხლის რეზუს უარყოფით ჯგუფებზე, განსაკუთრებით, მეოთხე ჯგუფზე.
მაია გოგიამ ხაზი გაუსვა მოსახლეობის დონორობის თაობაზე ინფორმირების აუცილებლობას. მისი თქმით, ბევრს ეშინია დონორობისა, ვინაიდან ფიქრობს, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. რაც სავსებით არასწორია.
„ჩვენი ყველა თანამშრომელი აბარებს სისხლს წელიწადში ორჯერ. ამით სხვა ადამიანებსაც ვეხმარებით და საკუთარ თავებსაც, იმიტომ რომ სისხლი ახლდება, ახალგაზრდავდება, იმუნიტეტი ძლიერდება და ორგანიზმი უკეთ ებრძვის ინფექციებს“, — განმარტა ექიმმა.
დონორობა ნებისმიერ ჯანმრთელ, 18–დან 6– წლამდე ადამიანს შეუძლია. დონორი არ შეიძლება იყოს ინფექციური დაავადების მქონე ადამიანი, შიდსით, სიფილისით, ვირუსული ჰეპატიტით, ბრუცელოზით დაავადებულები, პარაზიტული და სისხლის დაავადებების მქონენი.
მომავალმა დონორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქირურგიული თუ სტომატოლოგიური ჩარევიდან, ტატუს გაკეთებიდან თუ ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციიდან მხოლოდ ექვსი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ სისხლის ჩაბარება.
დონორი ასევე არ შეიძლება გახდეს პირი, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობს ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლი აქვს მიღებული.
„სისხლის აღებამდე ექიმი აუცილებლად დააზუსტებს დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, გაგზავნოს ის დონაციაზე თუ არა. დონორის სისხლი პაციენტისთვის გადასხმამდე აუცილებლად გადის ლაბორატორიულ შემოწმებას“, — ხაზი გაუსვა მაია გოგიამ.
ექიმმა–ტრანსფუზიოლოგმა განაცხადა, რომ სისხლის გადასხმა ყოველდღიურად სჭირდება ვიღაცას, ამიტომ ყველას მოუწოდა წელიწადში ორჯერ სისხლის გაღებისკენ.