ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს ისე დავაწკრიალე ჩვენი აივანი, ვერც იცნობთ! იმდენჯერ მივხვეტ-მოვხვეტე და მოვრეცხე, რომ, მგონი, ფილებზე ალაგ-ალაგ ნახატიც კი წაიშალა. თოკებზე ლამაზად და სიმეტრიულად მივაწკაპუნე სარეცხის ფერადი სამაგრები, ადესას ერთი მუდამ დაუვარცხნელი და ლენინის ხელივით ჯიუტად მარჯვნივ გაშვერილი ტოტი დავუმაგრე, აი ბროწეულის მარჯნისფერ ყვავილებს კი ვერაფერი მოვუხერხე — არც სჭირდებათ, რადგან ისედაც საოცრად ლამაზები არიან.
დღეს ველოდები არჩვეულებრივ და უკეთილშობილეს ადამიანს ავსტრალიიდან, რომელსაც, მისი თქმით, ამ ქვეყანაზე არ უყვარს მხოლოდ კოღოები და ფილმები ვამპირებზე. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარია მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დონორი, გინესის წიგნის რეკორდსმენი ჯეიმს ჰარისონი, 14 ივნისი კი დონორების საერთაშორისო დღეა, რომელსაც 2004 წლიდან აღნიშნავს მთელი მსოფლიო.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 14 წლის ჯეიმსს სასწრაფოდ გაუკეთდა გულის ოპერაცია და მის გადასარჩენად ექიმებს დონორებისგან 12 ლიტრი სისხლის გადასხმა დასჭირდათ. 3 თვის შემდეგ, როდესაც ჯეიმსი საავადმყოფოდან გაწერეს, მან ერთადერთი შეკითხვა დაუსვა ექიმს: „რა ასაკიდან შეიძლება სისხლის ჩაბარება?“ მაშინ ამას არავინ მიაქცია ყურადღება.
სამწუხაროა, მაგრამ მადლიერების გრძნობა დროთა განმავლობაში ნელდება, თუმცა…
ზუსტად მე-18 დაბადების დღეზე ჯეიმსი პირველად მივიდა სისხლის ჩასაბარებელ პუნქტში, სადაც სპეციალური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მას ჰქონდა იშვიათი სისხლი, რომლისგან დამზადებული ვაქცინაც კურნავდა უმძიმეს ანემიას ახალშობილებში და ასევე პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავდა დედასა და შვილს შორის რეზუს-კონფლიქტის არსებობის დროს ტრაგიკული შემთხვევების შესაძლებლობა. იმ დღის შემდეგ გავიდა 60 წელიწადზე მეტი, მაგრამ 79 წლის ჯეიმს ჰარისონი დღემდე ყოველ სამ კვირაში ერთხელ აბარებს თავის უნიკალურ სისხლს სხვების გადასარჩენად. ამ ხნის განმავლობაში მან ჩააბარა 380 ლიტრზე მეტი სისხლი, რითიც 2 მილიონზე მეტი ბავშვი გადაარჩინა…
და რა არის, იცით, ყველაზე საინტერესო? ის, რომ ამის შესახებ პირადად მე გავიგე შემთხვევით, ალბათ, ბევრმა თქვენგანმაც…
რამდენად კარგი ადამიანი უნდა იყო, რომ შენი სისხლი სხვას, საერთოდ უცნობ ადამიანს უწილადო და რამდენად თავმდაბალი და დიდებული პიროვნება უნდა იყო, რომ ეს გააკეთო ყოველგვარი ხმაურისა და რეკლამის გარეშე.
ერთხელ, როდესაც ჰარისონს ჰკითხეს, გრძნობთ თუ არა თავს გმირადო, მან გულწრფელად უპასუხა: „არა, გმირები არიან ომში. მე, უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც შინაგანად სწორად მიმაჩნია“.
ჩემი აზრით კი, ჰარისონი ნამდვილი გმირია და არა მხოლოდ ის, არამედ ყველა ადამიანი, ვინც ამ კეთილშობილურ საქმეს ემსახურება.
სიტყვა „დონორი“ ლათინური donare-დან მომდინარეობს და ნიშნავს „ჩუქებას“ — ამ შემთხვევაში ჯანმრთელობისა და, ძალიან ხშირად, სიცოცხლის.
ზოგმა შეიძლება იფიქროს, მერე რა, თუ კაცმა დონორობა პროფესიად გაიხადა, ეს მისი არჩევანია, ამაში იღებს გარკვეულ ანაზღაურებას და რა მოხდაო.
არაფერიც არ მოხდა იმის გარდა, რომ ადამიანს სულ 5-5,5 ლიტრი სისხლი აქვს და დონორი ერთ გადასხმაზე 350-400 გრამს კარგავს — ეს ორი სავსე ჩაის ჭიქაა, ანუ ადამიანის სისხლის თითქმის მეათედი.
სტატისტიკურად, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა. იმისთვის, რომ სისხლზე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ყოველ 1000 ადამიანზე მინიმუმ 40 დონორი უნდა მოდიოდეს. დღეს ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 25-27 ადამიანს შეადგენს, აშშ-სა და კანადაში — 35-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდესმე სადმე ვიღაც, ვისთვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება, შესაძლოა ვერ გადარჩეს! აი, ესაა საქმე და, აი, ეს მოხდა.
ამიტომ ქედს ვიხრი დღევანდელი იუბილარების წინაშე. ჯეიმს ჰარისონს კი ოცნებაში ვუახლოვდები და ძალიან მაგრად ვეხუტები, რომ მისი სიკეთისა და კაცთმოყვარეობის ელექტრონები გადმომცეს.
თქვენ კი გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე