თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ტურისტული ნაკადების ზრდის გათვალისწინებით, ბიზნესმენებს ტურიზმში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.
2016 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანას ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობამ საანგარიშო პერიოდში 2 მლნ 119 ათას 275 კაცი შეადგინა, აქედან 782 ათას 814 კაცი ტურისტი იყო.
„მინდა ინვესტორებს ვუთხრა: ის, რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში — სასტუმროების უპრეცენდენტო დატვირთულობა, არ იქნება ერთჯერადი და მინდა მოგიწოდოთ, ინვესტიციები შეუსაბამოთ სწორედ იმ დატვირთვას, რომელიც წელს არის საქართველოში და ის კიდევ უფრო გაიზრდება“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობა განაგრძოს პროგრამა „Check in Georgia-ს“ განნხორციელებას, რომლის მიზანიც ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაა.
„უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. სამეთვალყურეო საბჭოში შევლენ წამყვანი ტურისტული და სხვა სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მომავალი წლის ანალოგიური პროგრამის დაგეგმვაში“, — განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი ამ შემოდგომაზე დადგინდება.
„ბიუჯეტის შედგენა მოხდება წელს, შემოდგომაზე. წელსვე მოხდება მომავალი წლის ასეთი წარმოდგენების მთელი სერიის ბიუჯეტირება. შედგება კალენდარი და მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს ის სამეთვალყურეო საბჭო, სადაც იქნებიან როგორც ეკონომიკური ბლოკის, კულტურის სამინისტროს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. დატვირთვა, რომელიც წელს აქვს ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს, გაიზრდება და ჩვენ ამის გარანტიას ვიძლევით“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა.
მისი განმარტებით, პროექტი „Check in Georgia“ კულტურულ-გასართობი ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს, რომლებიც ადგილობრივი კომპანიებისა და მოსახლეობის შემოსავლებს გაზრდის.
„ძალიან კარგად ჩატარდა განვლილი კონცერტები, იმის მიუხედავად, რომ ბათუმის კონცერტის შემთხვევაში ამინდმა გარკვეული შეფერხებები შექმნა. იყო დიდი დასწრება და ბათუმმა ნახა ტურისტების უპრეცედენტო მოზღვავება“, — აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს კერძო სექტორს.
„ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, ვინაიდან კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის. ალბათ, მომავალში ეს გასათვალისწინებელი იქნება და უკეთესი კოორდინაცია იქნება საჭირო. ეს უფრო ეკონომიკურ ბლოკს ეხება და არა კულტურის სამინისტროს“, — დაამატა კვირიკაშვილმა.