თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ბათუმში 13–15 მაისს ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიის მე–9 საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI – 2016 გაიხსნა.
გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ტურისტული კომპანიები, სასტუმროების ქსელები და რესტორნები.
ღონისძიების მონაწილეთა შორის არიან აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთისა და უკრაინის ტურისტული კომპანიები და სასტუმროების ქსელები, იუწყებიან GEONET EXPO–ს ორგანიზატორები.
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეებისთვის და ასევე შეხვედრები მედიასთან.
ღონისძიების თანაავტორები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურიზმის სააგენტო. გამოფენა აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო მხარდაჭერით ტარდება.
ტურიზმი საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტული სფეროა. ქვეყნის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტული სეზონის მომზადების ფარგლებში სარეკლამო კამპანიას ჩაატარებს ათ მიზნობრივ ქვეყანაში.
სარეკლამო კამპანია დაახლოებით ოცდაათამდე ქალაქში ჩატარდება, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, ყაზახეთის, ლატვიის, პოლონეთის, თურქეთისა და უკრაინის მსხვილ ქალაქებში.
აჭარაში 2015 წელს ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა დაახლოებით 454 ათასი კაცია, რაც 2,78%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.