თბილისი, 8 ივნისი– Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ასე შეაფასა პოლიტიკოსმა ივანიშვილის ტელეჟურნალისტებთან შეხვედრა, რომელიც „ტექნოპარკის“ ტერიტორიაზე 2 საათი გაგრძელდა.
„ის, რომ ქვეყანაში მისი (ბიძინა ივანიშვილის — რედ.) მმართველობა არაფორმალურია, ეს თავად დაადასტურა. მას არ უკავია რაიმე პოსტი, არცერთ პოზიციაზე არ არის. საქართველოს ისტორიას ასეთი შემთხვევა არ ახსოვს. ის რეალურად მართავს მთავრობას, „უმრავლესობას“ და სასამართლოს“, — აღნიშნა აბაშიძემ.
ჟურნალისტებთან გამართული პრესკონფერენციისას ივანიშვილი სოფელ კორცხელში მომხდარ ინცინდენტსაც შეეხო, რა დროსაც „ნაცმოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი აზრით, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში არ მოხდეს.
ამ განცხადებას ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი.
„მე ბოლომდე ვიზიარებ იმას, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მან თქვა, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას („ნაცმოძრაობის“ მხრიდან — რედ.)“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
საქართველოს ექს-პრემიერი შეპყრობილია „ნაციონალური მოძრაობით“ — ასე დაახასიათა აღნიშნული შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.
„ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, ბოლომდე შეპყრობილი არინ „ნაციონალური მოძრაობით“. ეს განწყობა გასაგებია, როდესაც ხელისუფლებასთან იბრძვი. მათ არჩევნებში გაიმარჯვეს და ქვეყნის მმართველობის სადავეები მშვიდობიანად გადაიბარეს, თუმცა, „ნაციონალებით“ შეპყრობილობა ოთხი წლის განმავლობაში გრძელდება“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრისას დროის დიდი ნაწილი ყოფილ ხელისუფლებასა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბარს დაუთმო.
ივანიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნება“ დააფუძნა, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ დატოვა თანამდებობა და განაცხადა რომ თავისი მოვალეობა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს მთავრობაში თანამდებობა არ უჭირავს, ოპოზიცია ივანიშვილს ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებს.