თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. კორცხელის ინციდენტი ძალიან სამარცხვინო იყო და ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
„კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო და მე გუნდსაც და მთლიან საზოგადოებასაც მოვუწოდებდი, რომ ეს აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით. ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ. დაწვრილებით არ ჩავუღრმავდები ფორმებს — ვინ ვინ მიიყვანა, ვინ რა გამოიწვია, მაგრამ, საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს იყო სირცხვილი”, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილი მომხდარ ინცინდენტში ”ნაციონალური მოძრაობას” სდებს ბრალს და მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.
„კადრებიც ვნახე, ისიც კარგად შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო, მაგრამ ეს არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა”, — აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს. ამ ფაქტზე 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.