თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა, რაც მისი მხრიდან დიდი თავხედობა იყო.
„მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა — წარმოგიდგენიათ, როგორი თავხედობაა, ჯერ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეედარო და მერე როგორი უმეცრობაა?! როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკუნისას, მაგრამ სხვას თუ ვერაფერს ეძებდა, თუ როგორ გაებრუებია საზოგადოება, ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან. მეორე მხრივ, ციხეები გავსებული იყო საზოგადოების იმ ნაწილით, ვინც არ ემორჩილებოდა, ცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც. ამ მეთოდით ცდილობდნენ, დაეჭირათ ხელისუფლება“, — განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალები“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიძაბნენ, რომ მათი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდები „ქართულ ოცნებას“ არ გამოეყენებინა.
„ნაციონალები" პირველი თვეები დაიძაბნენ, ეშინოდათ, მსგავსი არაფერი მომხდარიყო და თავჩაღუნულები დადიოდნენ. კარგად ჩანდა ეს პარლამენტში, აღმიწერეს, — წყლის დასალევად ვერ ამოდიოდნენ ზემოთ, ახლა ჩვენ აღარ გვიშვებენო. ახლა რომ ნახეს და გააცნობიერეს, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ. მათგან მართული მედია ყოველდღიურად სიცრუეს აფრქვევს და ის, რა საოცრებაც მოხდა ამ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში, ვერც ერთ კომპონენტს ვერ ნახავთ, რომ „ნაცების“ დროს იყო უკეთესობა. ისე აღწერენ სიტუაციას, თითქოს დრამატულია. ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან კარგია სასპეკულაციოდ, თუმცა რელობა არ უნდა დავკარგოთ“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას იმ არსებული რეალობის გაცნობიერებისკენ მოუწოდა, რაც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის" ხელისფლებაში დაბრუნებას მოჰყვეს.