თბილისი. 31 მაისი — Sputnik. ევროკავშირის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკი(EBRD) მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს — EBRD და საქართველოს ბანკს შორის შესაბამის შეთანხმებას ხელი თბილისში მოეწერა.
მოცემული შეთანხმება, რომელიც DCFTA პროექტის ხელშეწყობის მიზნით ევროკომისიის მიერ არის შემუშავებული, DCFTA Facility პროგრამის ფარგლებში არის გაფორმებული, რომლის მიზანია საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გაძლიერებაა DCFTA მოთხოვნებთან ადაპტაციისათვის.
შეთანხმება ადგილობრივ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდნენ და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საშუალებები სრულად გამოიყენონ, რომლებიც თითოეულ ამ ქვეყანას გააჩნია.
კერძოდ, ადგილობრივი კომპანიები შეძლებენ ადგილობრივ ვალუტაში საქართველოს ბანკიდან გრძელვადიანი, ხუთწლიანი კრედიტების აღებას, მომავალში კი სხვა ბანკებიდან, ორწლიანი საშეღავათო პერიოდით.
პროგრამის ფარგლებში ეს ხელმოწერა-პირველი ფაზაა, ასევე წლის ბოლომდე სხვა ადგილობრივ ბანკებთან EBRD-ს თანამშრომლობა იგეგმება.
კერძოდ, EBRD 380 მილიონ ევროს კრედიტებისა და სავაჭრო გარანტიების სახით გამოუყოფს ადგილობრივ ბანკ-პარტნიორებსა და სხვა საფინანსო დაწესებულებებს, რომლებიც ბიზნესის დაკრედიტებისა და მხარდაჭერისთვის გამოუყენებენ მათ.
თავისი მხრიდან, ევროკავშირი 19 მილიონ ევროს გამოყოფს ტექნიკურ დახმარებაზე, საინვესტიციო სტიმულებზე და რისკების განაწილებაზე. EBRD და ევროკავშირი ასევე პოლიტიკური დიალოგის სფეროში სხვადასხვა ღონისძიებებს გააგრძელებენ საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.
ადგილობრივი კომპანიების წახალისების მიზნით ევროკავშირი დამატებით გრანტის სახით 15%-მდე თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს, რაც წარმატებული საქმიანობის განვითარების დამატებითი სტიმული გახდება.
გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებმაც კრედიტები აიღეს, საერთაშორისო კონსულტანტები უფასო რეკომენდაციებს გაუწევენიმის თაობაზე, კომპანიის რომელი კომპონენტი რესტრუქტურიზაციას მოითხოვს.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ბრიუსელში 27 ივნისს ხელმოწერილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ხელშეკრულება სატარიფო და ტარიფგარეშე ბარიერების გაუქმებას ითვალისწინებს და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრის დარეგულირებას.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი დასრულდა და 2016 წლის 1 ივლისიდან ის სრულყოფილად შევა ძალაში.