თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ევროკავშირთან გაფორმებული ასოციირების შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის მიღებული სიკეთეების შესაფასებლად, ერთი და ორი წელი საკმარისი არ არის, თვლის ეკონომისტი ლევან კალანდაძე.
”ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი, რომლის იმპლემენტაციაც სულ რაღაც ორი წელის წინ დაიწყო და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან გარკვეულ ბენეფიტს მოგვიანებით მოიტანს. ამიტომ, მე მგონია რომ მინიმუმ ხუთწლიანი პერიოდი იქნება საჭირო იმისთვის, რომ რეალურად დავინახოთ და შევაფასოთ ის სიკეთეები, რომელთა მიღებაც ჩვენ ამ ხელშეკრულებისგან შეგვიძლია“-აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება, 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი. ექსპერტის თქმით, კარგია ისიც რომ ევროკავშირი თავად ინტერესდება საქართველოთი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ეს ეხება როგორც საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას, ისე საწარმოო სტანდარტების მაღალი ხარისხის დანერგვას და უზრუნველყოფას.
„იმავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეუძლიათ საქართველოს გამოიყენონ როგორც ერთის მხრივ ტრანზიტის პოტენციალის მქონე ქვეყანა, ხოლო მეორეს მხრივ დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი საინვესტიციო პროექტები.“ — აღნიშნა ეკონომისტმა. მისივე თქმით, გარკვეული დრო დასჭირდება იმის შეფასებასაც, რა გაკეთდა ან ვერ გაკეთდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილში. „ხელისუფლება ჯერ-ჯერობით თანმიმდევრულად ახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა ვიმეორებ, იმისთვის რომ შედეგები დავინახოთ, გასული დრო საკმარისი არ არის“-განაცხადა კალანდაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სრულად 2016 წლის 1 ივლისს ამოქმედდება. მისი თქმით, საქართველომ ძალიან მოკლე ვადაში მიიღო ყველა ევროპული ქვეყნისგან საამისოდ საჭირო მხარდაჭერა. ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელის შემდეგ გაიზარდა ბრუნვა ევროპასთან, იზრდება ექსპორტი, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო მეწარმეების მხრიდან ხორციელდება დიდი ინვესტიციები.