თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ევროკავშირი „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ფარგლებში საქართველოს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას უკვე მოაწერეს ხელი.
2016-2019 წლებზე გათვლილი პროგრამის მიზანია აგრარული სფეროს რეფორმების და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა. პროგრამის ბიუჯეტი ითვალისწინებს საგრანტო, საბიუჯეტო და ტექნიკურ მხარდაჭერას.
პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა; გაუმჯობესებული სანიტარიული, ფიტოსანიტარული, სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტები, აგრეთვე კონტროლისა და ინსპექციის პროცედურები; დივერსიფიკაციის გზით გაუმჯობესებული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აგრარულ რეგიონებში.
2015 წელს უკვე დაიწყო სამი საპილოტე პროექტის განხორციელება ლაგოდეხის, ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, საპილოტე პროექტის მიზანს სოფლის განვითარებისთვის ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით შემუშავება წარმოადგენს. პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში 2013-2016 წლებში საქართველომ მიიღო 40 მლნ ევრო, ხოლო საბიუჯეტო დახმარების მისაღებად გაწერილი ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის, მიიღო დამატებით 12 მლნ ევრო, ჯამში 52 მლნ.