თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ევროკავშირმა საქართველოს 14 მლნ ევრო გამოუყო იმ შეთანხმებების იმპლემენტაციის მიზნით, რომლებიც ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება.
საფინანსო შეთანხმებას („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" Technical Cooperation Facility – TCF) თბილისში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა მოაწერეს ხელი.
შეთანხმება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების საექსპერტო მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
"მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოციირების შეთანხმებას, სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ შესაბამის დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, რათა ამ კანონმდებლობის, ამ ახალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ვიყოთ მზად. ეს სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. ესაა TA-ს (ტექნიკური დახმარების პროგრამა) პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის შესაბამის ქვეუწყებებთან მონათესავე ინსტიტუტები ახორციელებენ თანამშრომლობის პროექტებს, გამოცდილების გაზიარებას", — განაცხადა დავით ბაქრაძემ, იუწყება სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახური.
ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აღნიშნა მან.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოციირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა. დოკუმენტი რატიფიცირებულია ევროკავშირის ყველა ქვეყნის, საქართველოს და ევროპარლამენტის მიერ.