თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ახალი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, აგიტაციის ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობა ან ძალადობის მუქარა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი იქნება. კანონპროექტით, აღნიშნული დანაშაული ჯარიმას ან 4 წლამდე ვადით პატიმრობას გაითვალისწინებს. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, არჩევნების დროს თავისუფალი ნების გამოხატვის ხელისშემშლელად მხოლოდ საარჩევნო უბანზე ჩხუბი ითვლება.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ინიცატივა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდს რაიონ სოფელ კორცხელში 22 მაისის შუალედურ არჩევნებზე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ცემის ფაქტს მოჰყვა. სპუტნიკი დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ შესწორებებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. კორცხელის N53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,
შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
„ახალგაზრდა რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი:
"ვვარაუდობ რომ ეს ინიციატივა მხოლოდ სამეგრელოში მომხდარი დანაშაულის გადაფარვას ემსახურება თითქოს აქამდე ის რაც მოხდა არ არის დანაშაული და აწი რაც მოხდება მისი კანონის დონეზე დარეგულირებაა საჭირო. ეს თვალთმქაცობაა ვთვლი, რომ ის მოძალადეები რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან წინა ხელისუფლების ზონდერებისგან უნდა აღმოჩნდნენ ბრალდებულის სკამზე, ვინაიდან კორცხელში მომხდარ ვანდალიზმს მთელი საქართველო ნეგატიურად გამოეხმაურა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ დამნაშავეების დასჯა მოქმედი კანობმდებლობითაც სავსებით შესაძლებელია."
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე:
"საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული რეგულაციების არა ერთი ცვლილებების მიუხედავად, დღემდე მოუგვარებელი რჩება ისეთი საკითხები, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მოტივად არჩევნებში მონაწილეობას გულისხმობს. ძალადობრივი ფორმების გამოყენების პრაქტიკას ადგილი საქართველოში ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირის დროიდან ჰქონდა და საზოგადოებას მთელი ამ წლების მანძილზე ძალიან დრამატული მომენტები ახსოვს. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ წარსულის ვაანალიზებთ, უნდა გავითვალისწინოთ რომ ასეთ ფაქტებს შეიძლება ადგილი მომავალშიც ჰქონდეთ,
მით უმეტეს, რომ 22 აპრილს რამდენიმე საარჩევნო ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნები, პროვოკაციის თანხლებით მიმდინარეობდა. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე კორცხელის ინცინდენტში, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.
შეუწყობს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ამ დრამატიზმის ესკალაციის შენელებას ხელს? მე ვფიქრობ რომ არ შეუწყობს. რადგან შესაძლებელია, რომ დაინტერესებულმა ჯგუფებმა უდანაშაულო პირების მიმართ გარკვეული პროვოკაციები დაიგეგმონ, ამას კი უდანაშაულო ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოჰყვეს არარსებული დანაშაულისთვის, რომლის ფაბრიკაციასაც დაგეგმილი პროვოკაციის ფარგლებში პოლიცია შესძლებს. ამიტომ ეს საკმაოდ სარისკოა.
თუ ეს ცვლილებები შემოაქვთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა კორცხელში, მას ხომ ისედაც აქვს კოდექსში კვალიფიკაცია? რაღა საჭიროა ახალი მუხლის მოძიება? მხედველობაში მაქვს 239-ე მუხლი, ხულიგნობა, რომლის თანახმადაც ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, — ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ; გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება კი ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
უბრალოდ გასაკვირია რატომ ხდება საჭირო ამ მუხლის კიდევ უფრო დამძიმება და ხომ არ იქნება გამოყენებული შემდგომში ესეთი სპეციალური მუხლი იმ ადამიანების წინააღმდეგ რომლებიც ერთგვარ უხერხულობას ქმნიან იმავე კარუსელების ჩატარების პროცესში. ერთია რომ პირი იყენებს ძალადობრივ ქმედებას, ხოლო მეორეა როდესაც პირი ცდილობს ამხილოს ხელისუფლება არჩევნების ჩატარების უკანონო პროცესში. და თუ ეს მხილება იქნება გარკვეული უხერხულობის შემცველი ხელისუფლებისთვის, შეიძლება მან მიმართოს სწორედ ამ მუხლს და ასეთი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყოს გარკვეული სისხლის სამართლებრივი პროცედურები. ამიტომ როდესაც სანქციის ნაწილში წლების გაზრდაზეა საუბარი, მე ვფიქრობ რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ოპონენტების დასაშინებლადაც".